დიდი ეპოქის დასასრული... მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ, არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
39 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მიმართ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნა, როდის და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
რას წერს მესი:
„ფინალის შემდეგ გასული ამდენი დროისა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას განვუცხადო, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ... ამ გადაწყვეტილებამ ტკივილი მომაყენა და ახლაც მტკივა, მაგრამ მესმის, რომ ახლა საუკეთესო დროა.
გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი – არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ყველაფერს ვიგებდით, არამედ მანამდეც. ამ მაისურისთვის ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის წყალობით მეამაყებინებინა თქვენთვის, რომ არგენტინელები ხართ.
ძალიან ცოტა დრო რჩება. თავები სრულდება და ეს თავი ძალიან მტკივნეულია. მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ეროვნულ ნაკრებში გატარებული დრო. ყველაფერი გავიღე. მეტი აღარაფერი დამრჩა გასაცემი. თანაც, ჩემს უკან მოდიან შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას.
მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მჩუქნიდით. ეს ძალიან მომენატრება. ახლა მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები, ტრიბუნებიდან გიგულშემატკივრებთ და მხარს დაგიჭერთ – ჭირსა თუ ლხინში.
მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით და თან მახლდით ამ მშვენიერ, მაგრამ რთულ მოგზაურობაში. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელსა და მენეჯერს, რომლებთან ერთადაც წილად მხვდა ამ გზის გავლა. თან მიმაქვს დაუვიწყარი მოგონებები და მომენტები.
მივდივარ სულიერი სიმშვიდითა და სიამაყის გრძნობით იმის გამო, რომ თქვენ და ჩემს თანაგუნდელებს რამდენიმე ზღაპრული მომენტი გაჩუქეთ. წარმოუდგენელი იყო ამის თქვენთან ერთად განცდა. მიყვარხართ!
მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ არგენტინელი ვარ. წინ, არგენტინა!
შენიშვნა: ეს სიტყვები 21 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ორი დღის შემდეგ დავწერე. დღეს, მას შემდეგ, რაც მამაჩემს შეემთხვა, ამაში იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე“.
შეგახსენებთ, რომ ლიონელის მამა, ხორხე, 8 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმის შესახებ, რომ ბიზნესმენსა და მესის მრავალწლიან აგენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ცნობილი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გახდა. ამის გამო, ტურნირზე ალჟირის წინააღმდეგ გატანილი პირველი გოლის შემდეგ ფეხბურთელმა მოედანზე იტირა.