„უმარმა შეცდომა დაუშვა, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“ - მწვრთნელის პირველი კომენტარი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერმა უმარ ნურმაგომედოვმა რამდენიმე დღის წინ კარიერაში მეორე მარცხი განიცადა, რომელიც მისთვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. დაღესტნელი მებრძოლი შანხაიში ჩინელმა სონგ იადონგმა მძიმე ნოკაუტში გაგზავნა. რამ განაპირობა ფიასკო და დაუშვა თუ არა ბევრი შეცდომები ნურმაგომედოვმა ბრძოლის მიმდინარეობისას, ამასთან დაკავშირებით მისმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ვრცელი და საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„სონგმა აპერკატი შეასრულა, უმარმა კი ამ დროს თეიქდაუნის შესრულება სცადა, რაც დიდი შეცდომა იყო. მართალია თავი ცენტრიდან გასწია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოწინააღმდეგეს ყური დასარტყმელად გაუმზადა, როდესაც ამ დროს დარტყმას იღებ, თვალებში მაშინვე გიბნელდება. რა გითხრათ? ნურმაგომედოვმა არაჩვეულებრივი მომზადება გაიარა, მაგრამ ბრძოლის დროს იმაზე ცუდად გამოიყურებოდა, ვიდრე კემპის პროცესში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს გასროლა სურდა, მაგრამ ჩახმახისთვის ხელის დაჭერა არა.
იადუნგმა თავისი საქმე ბრწყინვალედ გააკეთა. პირველი რაუნდი იოლად გადაიტანა და მეორე აგრესიულად დაიწყო. მანერვიულებს ის ფაქტიც, რომ უმარი დარტყმებს ვერ ახორციელებდა, რაც ალბათ მისი მეტოქის შემტევი სტილის ბრალი იყო. ინერტულობის მიზეზი წონის კლება ხომ არ გახლდათ? არა, ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ყველაფერი ერთმა დარტყმამ შეცვალა. სონგს ეს ბრძოლა არ მოუგია, უმარმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ხოლო ჩინელმა სწორი სვლა გააკეთა. თავის უაზრო მოძრაობას ვგულისხმობ - ნურმაგომედოვმა ასეთი შეცდომა მარიო ბაუტისტასთან და ბეკზატ ალმახანთან შეხვედრებშიც დაუშვა, რის გამოც ჩვენ როგორც მწვრთნელებმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და შევხედოთ, რისი გაკეთება შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში გამართული 22 ბრძოლიდან 20 მოგება აქვს და ორი მარცხი, საიდანაც ერთხელ სულ ახლახანს სონგ იადუნგმა ნოკაუტში გაგზავნა, ხოლო 2025 წლის იანვარში მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლა წააგო.