ენრიკე: “ჩვენი მიზანი მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ასტონ ვილას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„გუნდმა ზაფხულში კარგად დაისვენა და თავს კარგად ვგრძნობთ. დაბრუნებით ბედნიერები ვართ. 2 კვირაა ვარჯიში დავიწყეთ და ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდნენ. ოფიციალურად სეზონს ხვალ ვიწყებთ, თანაც ფინალით. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა სეზონი იდეალური გვქონდა.
რა თქმა უნდა, წელსაც ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. ამის ამბიცია გაგვაჩნია. ახლა განსხვავებული სცენარია, რადგან ვფიქრობ ყველას ჯერა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა. მოედანზე ჩვენი ხარისხი უნდა დავამტკიცოთ.
გასული სეზონის საწყისი პერიოდი არაჩვეულებრივი იყო. ახლაც ასეა. მიუხედავად ამისა, მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო, რადგან ბევრი ფეხბურთელი არ მყავდა. ხვალ ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ ეს რთული იქნება. გვინდა სეზონს საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ.
რაც შეეხება ასტონ ვილას, ვნახეთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდათ. სეზონის ამ ეტაპზე მოწინააღმდეგე გუნდების ანალიზი ძალიან რთულია. ყველაფერს ხვალ ვნახავთ. ამ ტიტულის მოგება ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თუ იმას გავუკეთებთ ანალიზს, რაც ჩვენ ბოლო 2 წელიწადში გავაკეთეთ, დავინახავთ, რომ ყველა ჩვენმა მოწინააღმდეგემ თავისი დონე აჩვენა. ახალ სეზონს ამ მენტალიტეტით ვიწყებთ.
ფერან ტორესი? ტრანსფერებზე საუბარი არ მიყვარს. მე მხოლოდ პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. ინფანტინოს პრობლემები? მე მხოლოდ ჩემს გუნდზე და ფეხბურთელებზე ვარ კონცენტრირებული.“
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ასტონ ვილას დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.