„მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის დვალიშვილთან ტრილოგია უნდა
შონ ომალი IMPAULSIVE-ის პოდკასტის სტუმარი იყო. UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან მესამე ორთაბრძოლის გამართვა სურს და დარწმუნებულია, რომ „მანქანის“ დამარცხება შეუძლია.
„მერაბის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით პიოტრ იანია. თუ იანმა მოიგო, მასთან რემატჩს მივიღებ და საჩემპიონო ქამარს წავართმევ. ლეგენდარული იქნება ის ფაქტი, რომ ტიტული ალჯამეინ სტერლინგისთვის და პიოტრ იანისთვის მექნება წართმეული.
რაც შეეხება მერაბს, ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია. ამ მომენტისთვის ჩვენი ორთაბრძოლა ლოგიკაში არ ჯდება. ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როცა ეს ჩხუბი გაიმართება და აუცილებლად გავიმარჯვებ, რის შემდეგაც ყველა მეყოლება დამარცხებული, ვისთანაც მიბრძოლია.
რატომ შემიქმნა მერაბმა ამდენი პრობლემა? გიჟური ენერგია და გამძლეობა აქვს. ისეთი კარდიო აქვს, უბრალოდ არ ჩერდება. კარგი მებრძოლია. კარგად გამოსდის ის, რასაც აკეთებს და სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი და იანის ტრილოგია ძალიან მაინტერესებს, თუმცა დვალიშვილის დამარცხება ნამდვილად შემიძლია. 100 პროცენტით!
მერაბთან გამართული პირველი ჩხუბისას ტრავმა მქონდა. ორთაბრძოლამდე 10 კვირით ადრე მენჯ-ბარძაყის ლაბრუმი (ლაბრუმი არის ხრტილის რგოლი, რომელიც გარს აკრავს ბარძაყის ბუდეს და უზრუნველყოფს სახსრის სტაბილურობასა და ამორტიზაციას) გავიწყვიტე და მოსამზადებელი კემპი ასე გავიარე. მეორე ჩხუბი ოპერაციიდან შვიდ თვეში ჩავატარე. საუკეთესო პოზიციაში არ ვყოფილვარ, რათა მერაბისნაირ მებრძოლთან მეჩხუბა.
ალჯოსთან და ჩიტოსთან მოგების შემდეგ, პირდაპირ „სფეროში“ წავედით და სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ ჩხუბს მაშინაც კი, როცა ვიცოდი, რომ მენჯ-ბარძაყის ლაბრუმი მქონდა გაწყვეტილი. ეს ტრავმა მანამ მივიღე, სანამ ჩხუბს შემოთავაზებდნენ, მაგრამ მერე მეუბნებიან: „ჰეი, გინდა „სფეროს“ ტურნირზე იჩხუბო და საღამოს მთავარი ბრძოლა იყო?“ ასეთ რამეზე უარს ხომ ვერ ვიტყოდი...“
შეგახსენებთ, რომ მერაბმა ომალი პირველ ჩხუბში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მეორედ კი ფინიშით მოუგო — „მანქანამ“ „შუგა“ მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა.