„ეს ფინალია, 10 კაცის წინააღმდეგაც გიწევს ბრძოლა“ | ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარი
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში „ფურია როხა“ არგენტინას დაუპირისპირდა და დამატებით დროში, ფერან ტორესის გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა. „ალბისელესტემ“ ტიტული ვერ დაიცვა, ესპანეთი კი მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.
მატჩის შემდეგ „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა: „ძალიან ვამაყობ ამ თაობით, რომელიც ამ იდეით გაიზარდა, მისი ერთგული დარჩა, ის უფრო გააუმჯობესა და მოგვცა ერთიანი გუნდის, ერთი ოჯახის მაგალითი. ეს ბიჭები კარგი და ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებული ნიჭით. ძალიან ამაყი ვარ“.
როგორ გრძნობს თავს: „ძალიან აღელვებული და ემოციებით სავსე ვარ. როცა უკან ვიხედები და ვფიქრობ — ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ამ თაობასთან ერთად“.
მძიმე მატჩი: „მიმაჩნია, რომ თამაშის ბედი ბევრად უფრო ადრე უნდა გადაწყვეტილიყო. „დიბუს“ სეივებმა ხელი შეგვიშალა, თორემ უფრო ადრე უნდა მოგვეგო და ანგარიშშიც უფრო მალე დავწინაურებულიყავით. თუმცა, ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია და ტანჯვა და ბრძოლა ათი კაცის წინააღმდეგაც გიწევს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით“.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე დამატებულ ტაიმში გავიდა და არგენტინის ნაკრების კარი ფერან ტორესმა აიღო. „ალბისელესტემ“ დამატებული დრო კაცნაკლულმა ჩაატარა, რადგან ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო.