მძიმე ბრძოლა და ბელინგემის მორიგი დუბლი | სამი ლომი მსოფლიოს ნახევარფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა. თამაშს მაიამიში მდებარე „ჰარდ როქ სთედიუმმა“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი „სამმა ლომმა“ ერთი გოლი გაიტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მატჩის საწყის ნახევარ საათში რეალური მომენტის შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. 36-ე წუთზე სკანდინავიელები დაწინაურდნენ. ანდრეს შიელდერუპმა ფენომენალური გოლი გაიტანა და ჯორდან პიკფორდის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მალევე ნორვეგიას კარგი შანსი მიეცა. სტოლე სოლბაკენის გუნდი ძალიან სახიფათო კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ალექსანდრ სორლოტმა პასის გაკეთების ნაცვლად, დარტყმა გადაწყვიტა და მიზანს ააცილა.
„სამმა ლომმა“ წონასწორობა პირველ ტაიმში, დამატებულ მეორე წუთზე აღადგინა. ენტონი გორდონის პასის შემდეგ ჯუდ ბელინგემმა შესანიშნავად ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით გაიტანა. ინგლისმა მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა ჰარი კეინის ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა — 1:1.
მეორე ტაიმის 55-ე წუთზე ნორვეგიელთა კუთხურს გოლი მოჰყვა. ჯორდან პიკფორდმა რთული ბურთი მოიგერია, რომელიც ტორბიორნ ლისაკერ ჰეგემს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში შეაგდო. სკანდინავიელთა სამწუხაროდ, მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და გოლი გაუქმდა, რადგან კუთხურის მოწოდებამდე ერლინგ ჰოლანდმა ელიოტ ანდერსონი წააქცია.
75-ე წუთზე ნორვეგიელები წინ გასვლასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მორიგი კუთხურის შემდეგ „სამი ლომის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და კრისტოფერ აიერმა დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
93-ე წუთზე ორიან ნილანდმა შეცდომა დაუშვა. მორგან როჯერსის დარტყმის შემდეგ ნორვეგიელთა მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე პირველ ბელინგემი იყო, რომელმაც დუბლი მიითვალა — 2:1. მეორე დამატებით ტაიმში ინგლისს კარგი მომენტი ჰქონდა — ამჯერად ნილანდი უშეცდომო იყო. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა.
ცნობისთვის, ტომას ტუხელის გუნდის მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა. „სამი ლომი“ ნახევარფინალში არგენტინისა და შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება