New York Times: ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის თაობაზე ორჯერ დაურეკა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფოლარინ ბალოგუნის გაძევების გამო ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს პირადად დაუკავშირდა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპმა ინფანტინოს აშშ-ისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩიდან რამდენიმე საათში დაურეკა და ბალოგუნის დისკვალიფიკაციის საკითხის გადახედვა სთხოვა.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა და მსოფლიო ჩემპიონატის საკითხებში თეთრი სახლის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ ჯულიანიმ, იურისტებს მიმართეს, რათა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას აპელაციის შეტანაში დახმარებოდნენ.
მოთამაშის დისკვალიფიკაციის შეჩერების შემდეგ ტრამპმა და ინფანტინომ კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აშშ-ის პრეზიდენტმა ინფანტინოს უთხრა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ტრამპმა აშშ-ის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოსაც დაურეკა და ბელგიასთან მატჩში წარმატება უსურვა.
აქვე გეტყვით, რომ ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაცია (RBFA), ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შეჩერების შესახებ ფიფა-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღშფოთება ვერ დამალა. ბელგიელები სამართლებრივ დავას გეგმავენ.