„გოლების გატანა მიყვარს“ - ბათუმის დინამომ ბრაზილიელი ფორვარდი დაიმატა
ბათუმის „დინამომ“ პოლონური „რადომიაკის“ ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელი, მაურიდეს როკე ჟუნიორი დაიმატა.
მაურიდესი „რადომიაკში“ 2025-26 წლების სეზონში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბათუმური კლუბის ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, „დინამო“ ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.
„ბედნიერი ვარ „დინამოში“ გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, - აცხადებს მაურიდესი, რომელიც ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2012 წელს ჰქონდა.
მას შემდეგ მაურიდესმა პორტუგალიაში, ბულგარეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში ითამაშა. ბრაზილიელი ფორვარდი „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის „დინამოში“ სანდრო ალთუნაშვილი დაბრუნდა, რომელიც ზღვისპირელების ღირსებას 2021-2023 წლებშიც იცავდა. გარდა ამისა, „დინამოში“ ითამაშებს ლუქსემბურგის ნაკრების მცველი დირკ კარლსონიც.