სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა - ბასილაძე ლიბერეცში მიდის
ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი ალეკო ბასილაძე კარიერას ჩეხეთში, „ლიბერეცში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გამოცემა inFotbal-ის ინფორმაციით, 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ჩეხურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ლიბერეცი“ ბასილაძეს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და „ტორპედოსთან“ მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყო. იანვარში ტრანსფერი ვერ შედგა, თუმცა ახლა ყველა დეტალი შეთანხმებულია. „ლიბერეცი“ „ტორპედოს“ ბასილაძის სანაცვლოდ 750 ათას ევროს გადაუხდის“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ბასილაძე „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში მან „ტორპედოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ ბასილაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, ამჟამად კი 21 წლამდე ნაკრებში რეგულარულად იძახებენ.