კოლუმბია უკეთესი იყო - უგოლო ფრე და 1/4-ფინალში რონალდუ VS მესი გამოირიცხა
მსოფლიო ჩემპიონატზე K ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. პორტუგალიამ კოლუმბიასთან ფრედ 0:0 ითამაშა და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა.
„ლოს კაფეტეროსმა“ მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და საერთო ჯამში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ყველა კომპონენტში აჯობა, თუმცა გოლის გატანამდე ყოველ ჯერზე მცირედი აკლდებოდათ.
კოლუმბიელებმა განსაკუთრებული უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, როცა მეტოქეს კარში 4 მცდელობიდან არც ერთი არ დაარტყმევინეს, თავად კი 12 დარტყმიდან 3 ზუსტი ჰქონდათ, ერთი აშკარა საგოლე იყო.
საბოლოო ჯამში, ნანახი მატჩების მიხედვით ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - კოლუმბია საუკეთესო იყო და პირველი პოზიცია დაიკავა, პორტუგალია მეორეზე გავიდა, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი თავისი ისტორიული შანსი გამოიყენა და უზბეკეთს 3:1 მოუგო, რის შემდეგაც 1/16-ფინალში თამაშის უფლება მიიღო, სადაც მისი მეტოქე ინგლისი იქნება.
რაც შეეხება კოლუმბიასა და პორტუგალიას - სამხრეთ ამერიკელები განას შეხვდებიან, ევროპელების მეტოქე კი ხორვატია იქნება.
1/4-ფინალში დაანონსებული მესი-რონალდუს ჯახს ვეღარ ვიხილავთ. პორტუგალია მეორე ბადეში მოხვდა, სადაც ხორვატიის ძლევის შემთხვევაში სავარაუდოდ ესპანეთს გადაეყრება.