“დიდი გაუმჯობესება გვაქვს“ - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთს უმასპინძლა. სამწუხაროდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
სანიოლი:
„ვფიქრობ, ბოლო 2 მატჩის შემდეგ დიდი გაუმჯობესება გვაქვს. დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გვქონდა. მას შემდეგ, რაც ამ მატჩებისთვის შევიკრიბეთ, ძალიან კონცენტრირებულები ვართ. ფეხბურთელებმა პროფესიონალური მიდგომა დამანახეს. სამ დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს და უკეთესი ხარისხი გვექნება.
დაფიქსირებული შედეგი თამაშის ხარისხს ყოველთვის არ ასახავს. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ იყო პოზიტივიც. ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ, რომლებმაც დამატებითი ენერგია შემოიტანეს.
იეგოიანმა თავი კარგად წარმოაჩინა. მას კარგი სეზონი ჰქონდა და დღეს, როცა ის მოედანზე შევიდა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია თამაშობს. ის მომავალია. ირაკლიზე აშკარად იგრძნობა ნიდერლანდური ფეხბურთის გავლენა. ნახევარდაცვაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს - ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, მაგრამ გვჭირდება ისეთი ახალი ფეხბურთელები, როგორებიც ისინი არიან. იეგოიანი კი ზუსტად ასეთია.
მთლიანობაში ნაკრების ტაქტიკური თამაში მომეწონა. გიზის პერფორმანსითაც კმაყოფილი ვარ. ის გარემარბად დაბადებული არ არის, მაგრამ ყველაფერს კარგად სწავლობს. ჯერჯერობით არ ვიცი რამდენად მძიმეა გიორგი ჩაკვეტაძის დაზიანება."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
ასევე შეგახსენებთ, ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ, რომელმაც ჯვაროსნების მაისური ჯამში 129-ჯერ მოირგო.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.