ბარსას ფული მაინც არ აქვს | ჰიონესის ირონია კეინის შესაძლო ტრანსფერზე
2025-26 წლების სეზონი მიუნხენის ბაიერნის ინგლისელი ფორვარდისთვის, ჰარი კეინისთვის ძალიან შედეგიანი იყო, ყველა ტურნირის ჩათვლით 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა, ოქროს ბურთის მოგების რეალური კანდიდატია. სეზონი გერმანიის თასის ფინალით დაასრულა, ტიტულისათვის ბრძოლის გადამწყვეტ შეხვედრაში შტუტგარტს ჰეთ-თრიკი შეუსრულა (3:0). ამ მატჩის შემდეგ კლუბის საპატიო პრეზიდენტმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პირდაპირობით ცნობილმა ული ჰიონესმა, ჰარი კეინი შეაქო.
„ჰარი კეინი საუკეთესო ტრანსფერია, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია“, — განუცხადა მან გერმანულ ტელეარხ Das Erste-ს.
კეინის ბრწყინვალე ფორმამ, სრულიად გასაგებია, რომ მთელი ევროპის მასშტაბით მიიპყრო ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ მას კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, ფეხბურთელის მომავლის ირგვლივ ჭორები და სპეკულაციები აქტიურად ვრცელდება.
პრემიერ ლიგაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ იწერებოდა, პარალელურად კი ინტერესს ბარსელონასაც მიაწერდნენ, რომელიც ინგლისელში გუნდიდან მიმავალი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ხედავს, თუმცა ჰიონესმა ეს ხმები სრულიად უარყო და კატალონიურ გრანდს ირიბად კბილიც გაჰკრა.
„მიუნხენის ბაიერნი მყიდველი კლუბია და არა გამყიდველი“.
კითხვაზე, იყო თუ არა დარწმუნებული, რომ კეინი გუნდში დარჩებოდა, ჰიონესმა ირონიულად უპასუხა: „დიახ, თანაც ბარსელონას მაინც არ აქვს ფული“.
კეინმა ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა ზედიზედ მეორე სეზონში მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან დამარცხდა. კეინმა პარიზულ გუნდს ორივე შეხვედრაში გაუტანა. განსაკუთრებით ეფექტური ალიანც არენაზე გატანილი იყო.
შტუტგარტთან გამარჯვების შემდეგ ჰარი კეინმა მედიასთან მომავალზე ისაუბრა: „ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვინდოდა საუბარი სეზონის ბოლომდე გადაგვედო, თანაც წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის. მაგრამ ყველამ იცის, რამდენად მსიამოვნებს აქ ყოფნა. ეს სიტუაცია მშვიდია.
რაც შეეხება უფრო დიდხანს დარჩენას, ამის წარმოდგენა ნამდვილად შემიძლია. ბაიერნთან ეს საუბრები ჯერ არ მქონდა, მაგრამ თუ ასეთი საკითხი დადგება, მზად ვიქნები ვისაუბრო და გულწრფელი დიალოგი მქონდეს.
ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მომდევნო ერთი წელი და რას მივაღწევთ ერთად. ახლა ფანტასტიკურ მომენტში ვართ და სხვა არაფერზე ვფიქრობ.
რაც შეეხება პრემიერლიგას, არ ვიცი. ბაიერნში პირველად გადასვლისთანავე რომ გეკითხათ, დანამდვილებით გეტყოდით, რომ დავბრუნდებოდი. ახლა, როცა იქ უკვე რამდენიმე წელი გავატარე, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს სურვილი ოდნავ შემცირდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არასდროს დავბრუნდები. სრულად ვარ ფოკუსირებული ბაიერნზე. თუ იქნება საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ვნახავთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ მაქვს ეს სეზონი და კიდევ ერთი. ისე არ არის, თითქოს კონტრაქტის ბოლო წელი მქონდეს დარჩენილი, ასე რომ არავითარი პანიკა არაა.
მშვიდად ვარ, მიყვარს ბაიერნის მწვრთნელი და სანამ ჩვენ ვპროგრესირებთ და მეც ვპროგრესირებ, მოხარული ვიქნები ვნახო, რას მივაღწევთ ერთად.“