ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - დილას განცხადება ეტოუს მდგომარეობაზე
გუშინ გამართულ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩში, 26-ე წუთზე გორელთა კაპიტანმა, რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. „დილას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელს ოპერაცია დასჭირდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინდელ მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ჩვენი გუნდის კაპიტანმა, რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება მიიღო, საბედნიეროდ, ადგილზე მოხდა დროული და ეფექტური რეაგირება, რის შედეგადაც ფეხბურთელის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელი კლინიკაშია მოთავსებული, სადაც სახის არეში მიღებული მრავლობითი მოტეხილობების გამო საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. რომარიკს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობს ყველა საჭირო კვლევა შემდგომი რეაბილიტაციის პროცედურისთვის. გუნდის სახელით ჩვენს კაპიტანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია „დილას“ განცხადებაში.