არაბიძის გოლი და ასისტი | ტორპედომ ბოლო წუთებზე დილას მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მატჩით გაიხსნა.
პირველი ტაიმის საკვანძო მოვლენა ბლანკსონ ანოფის წითელი ბარათი გახდა, რომელმაც 24-ე და 42-ე წუთზე მიღებული გაფრთხილებების გამო გორელები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.
55-ე წუთზე შეცვლაზე შესული ფელიპე პირესი საჯარიმოში „დილას“ მცველმა ჟოაო არაუჟომ წააქცია - პენალტი ზუსტად გიორგი არაბიძემ შეასრულა. 28 წლის შემტევისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-9 საგოლე მოქმედებაა (3 გოლი და 6 ასისტი).
გაშვებული გოლის შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდმა შეტევაში უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და ამან შედეგი 83-ე წუთზე გამოიღო. ჟან-მარკ ტიბუეს პასის შემდეგ ლაშა მენთეშაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. „ტორპედომ“ 3 ქულის აღება მაინც მოახერხა: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი არაბიძის პასის შემდეგ თავური დარტყმით გამარჯვების გოლი მატეო სიმიჩმა გაიტანა - 2:1.
„ტორპედომ“ 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, „დილა“ კი 19 ქულით მეოთხეზეა.
ხვალ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 მატჩი გაიმართება: „გაგრა“„რუსთავს“ მიიღებს, ბათუმის „დინამო“ „მეშახტეს“ უმასპინძლებს, ტურის ცენტრალურ მატჩში კი თბილისურ დერბის ვიხილავთ: „იბერია 1999“ „დინამოს“ ესტუმრება. მე-13 ტურს კვირას „სამგურალისა“ და „სპაერის“ მატჩი დახურავს.