პრესტიანის დისკვალიფიკაცია შეუფარდეს | უეფამ გადაწყვეტილება გამოაცხადა
უეფამ ვინისიუს ჟუნიორისა და ჯანლუკა პრესტიანის ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ არგენტინელ ფეხბურთელს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა, რომელიც სანაკრებო თამაშებზეც გავრცელდება.
„უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა: „ბენფიკას“ ფეხბურთელი, ჯანლუკა პრესტიანი, 6 ოფიციალური მატჩით ჩამოაშოროს უეფას საკლუბო და ეროვნული ნაკრებების შეხვედრებს, რომლებშიც სხვაგვარად მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მისი მხრიდან დისკრიმინაციულ (კერძოდ, ჰომოფობიურ) ქცევას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული მატჩებიდან სამი პირობითია და ექვემდებარება ორწლიან გამოსაცდელ ვადას, რომელიც იწყება ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან.
ეს გადაწყვეტილება (ანუ ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია) მოიცავს იმ ერთმატჩიან დისკვალიფიკაციასაც, რომელიც მოთამაშემ უკვე მოიხადა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების პლეი-ოფის შეხვედრაში, რომელიც 2026 წლის 25 თებერვალს „რეალთან“ გაიმართა. ფიფასთან თანამშრომლობით, ზემოაღნიშნული სანქცია მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „რეალთან“ მატჩისას პრესტიანიმ პირზე მაისური აიფარა და ვინისიუსს რაღაც უთხრა, რაც ბრაზილიელის თქმით, ჰომოფობიური შეურაცხყოფა იყო. „ვინი“ მსაჯთან მივიდა და მომხდარის შესახებ განუცხადა.