ბაიერნთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა | პსჟ-ს ვიტინია გამოაკლდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ს ბაიერნთან პირველ დაპირისპირებაში შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიტინია ვერ დაეხმაროს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი'' ავრცელებს.
პსჟ-მ ორშაბათს შუადღისას დაადასტურა, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს მარჯვენა ქუსლის ანთება აწუხებს და უახლოეს დღეებში სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდება. შესაბამისად, გუნდს ვერ დაეხმარება ნანტთან და ანჟესთან. მისი თამაში ბაიერნთან პირველ დაპირისპირებაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
კვირა საღამოს, ლიონთან მარცხისას (1-2) მოედნიდან ნაადრევად გასულ ვიტინიას, კლუბის სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ქუსლის ანთება აქვს. პარიზული კლუბი აცხადებს, რომ ფეხბურთელი მომდევნო დღეებში მკურნალობის კურსს გაივლის, ხოლო კვირის ბოლოს მისი მდგომარეობა ხელახლა შეფასდება. პორტუგალიელი ნახევარმცველი გამოტოვებს მატჩებს ნანტთან (ოთხშაბათს) და ანჟესთან (შაბათს). შესაბამისად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის მოედანზე გასვლას 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ.
26 წლის პორტუგალიელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ში საერთო ჯამში 41 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 7 გოლი და 8 საგოლე პასია.