ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, დეკუ
Aa
Aa

ფლიკის და დეკუს გარეშე? ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული

ბარსელონას სპორტული სტრუქტურის განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და რა ტრანსფერებს გეგმავს კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ოფიციალურად ჯერ არ იყო გამოცხადებული, ჟოან ლაპორტას მთავარი კონკურენტი, ვიქტორ ფონტი, უკვე ღიად აფიქსირებდა საკუთარ გეგმებს.

ფონტის არჩევის შემთხვევაში, დეკუ სპორტული დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

„დეკუ არ იქნება ჩემი სპორტული დირექტორი. ჩვენ ავაშენებთ სტრუქტურას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ჰანსი ფლიკს. სახელს ვერ დავასახელებთ — ის კონტრაქტით არის დაკავშირებული. არავინ იქნება ჩართული, ვისაც კავშირი არ ექნება სპორტულ სტრუქტურასთან,“ — განაცხადა ვიქტორ ფონტმა RAC1-თან ინტერვიუში.

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის. ფონტი წლების განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა დეკუს. განსაკუთრებით ვიტორ როკეს ტრანსფერის გამო, როდესაც „ბარსელონამ“ 30 მილიონი ევრო გადაიხადა ფეხბურთელში, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა და მოგვიანებით „ბეტისში“ გაანათხოვრეს. თუმცა, ის, რაც თავიდან კატასტროფულ გარიგებად ჩანდა, შეიცვალა, როცა თავდამსხმელი „პალმეირასში“ 25 მილიონ ევროდ (ბონუსებით) გაიყიდა, თან „ბარსელონამ“ შეინარჩუნა მომავალი ტრანსფერის 20%. ვიტორ როკე, რომელიც შესაძლოა სხვა ევროპულ კლუბში გადავიდეს, ამჟამად დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასდება.

ფონტის კრიტიკა შეეხო ასევე ინიგო მარტინესის წასვლას, რომელმაც გასულ ზაფხულს საუდის არაბეთში უფასოდ გადაინაცვლა. მისი არყოფნა აშკარად იგრძნობა „ბარსას“ დაცვაში, რომელიც აღარ არის ისეთი მყარი, როგორც ადრე. საპრეზიდენტო კანდიდატს გაუგებარია, როგორ დაუშვა კლუბმა მისი ასეთი მარტივი წასვლა. კლუბის განმარტებით, ფეხბურთელთან წინასწარი შეთანხმება არსებობდა მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში.

ეს და სხვა მიზეზები გახდა ფონტის გადაწყვეტილების საფუძველი. თუმცა ჰანსი ფლიკი ამ საკითხში განსხვავებულად ფიქრობს:

„ძალიან კმაყოფილი ვარ დეკოსთან არსებული მდგომარეობით. ჩვენ შორის ურთიერთნდობაა, გვჯერა ერთმანეთის და ეს ძალიან პოზიტიურია. ერთსა და იმავე ფეხბურთელებს ვეძებთ, რადგან ერთნაირი ფილოსოფია გვაქვს. კონცენტრირებული ვართ იმაზე, რაც გასაკეთებელია. მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია.“

საპრეზიდენტო კანდიდატმა დაადასტურა, რომ ფლიკზე გათვლას აპირებს — გერმანელ მწვრთნელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. თუმცა გაურკვეველია, დარჩება თუ არა ფლიკი კლუბში იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვიქტორ ფონტი გახდება. რეალურად, დიდი ალბათობაა, რომ მან კონტრაქტის ბოლო წელზე უარი თქვას და კლუბი დატოვოს.

ფლიკი საკუთარ თავს ლაპორტას პროექტის ნაწილად მიიჩნევს. ის მზად არის კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის, თუ ლაპორტას ხელახლა აირჩევენ და ეს საკითხი მათ უკვე განიხილეს. თუმცა ოფიციალური ნაბიჯები 1 ივლისამდე არ გადაიდგმება — იმ თარიღამდე, როცა ლაპორტა პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს გამარჯვების შემთხვევაში. ხელშეკრულების გაგრძელება სწორედ ამის შემდეგ გაფორმდება.

თუ პრეზიდენტი სხვა იქნება, ფლიკის დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ საუბარს გამართავს, ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილავს კონტრაქტის დარჩენილ წელზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ფონტმა უკვე გამოთქვა მისი შენარჩუნების სურვილი. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია გულშემატკივრების ნდობა და პატივისცემა მოქმედი მთავარი მწვრთნელის მიმართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ბარსელონამ სუპერლიგა დატოვა - რეალი მარტო დარჩა
ოფიციალურად: ბარსელონამ სუპერლიგა დატოვა - რეალი მარტო დარჩა