„სრულყოფილი მებრძოლია“ | ჟორჟ სენ-პიერი თოფურიას აქებს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა, ABC-ის ინტერვიუ მისცა და ილია თოფურია შეაქო. სენ-პიერის თქმით, „ელ მატადორს“ შეუძლია, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს.
„ილია თოფურია შთამბეჭდავი მებრძოლია და უსაზღვრო პოტენციალი აქვს. ის სრულყოფილი მებრძოლია. ყველა ასპექტში შესანიშნავია, ნამდვილი ჩემპიონია და ახალგაზრდა ადამიანებისთვის ბრწყინვალე მისაბაძი მაგალითია. იმედი მაქვს, ისლამ მახაჩევთან იჩხუბებს, რადგან ეს ორთაბრძოლა გულშემატკივრებისთვის საოცარი დაპირისპირება იქნება.
ვფიქრობ, თუ თოფურია ამ დონის ჩვენებას გააგრძელებს, შეძლებს, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს. მან უბრალოდ კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს და ყველაფერი აქვს, რათა GOAT-ის (ყველა დროის საუკეთესო) სტატუსი დაისაკუთროს. 100 პროცენტით ასეა, მას წარმატებას ვუსურვებ.“
ცნობისთვის, სენ-პიერი UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება და ორგანიზაციის დიდების დარბაზის წევრია. კანადელი ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და ტიტული ქვესაშუალო და საშუალო წონებში დაისაკუთრა.