„მზად ვიყავი, ეს „განგსტერული“ გამოწვევა ტურნირამდე სამი დღით ადრე მიმეღო...“
ერევანში გამართულ HYPE Fighting-ის ტურნირზე, გრეპლინგის მატჩში არმან ცარუკიანის მეტოქე შესაძლოა არა შარაბუტდინ მაგომედოვი (შარა ბულეტი), არამედ მერაბ დვალიშვილი გამხდარიყო.
წლის ბოლოს მიღებული შეთავაზების შესახებ ქართველმა „მანქანამ“ Setanta Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„დამირეკეს და მითხრეს, რომ არმან ცარუკიანის მეტოქე ჩაეხსნა. მგონი, ჩამოსვლა ვერ მოახერხა ან რაღაც მსგავსი. ტურნირამდე სულ რაღაც სამი ან ხუთი დღე იყო დარჩენილი და მკითხეს, ხომ არ მსურდა შარა ბულეტის ნაცვლად გამოსვლა. ეს გამოწვევად მივიღე და გავიფიქრე: „შანსი არაა, მან მომიგოს-მეთქი“. როდესაც წესებს გავეცანი, სადაც მხოლოდ მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები იყო დაშვებული, ვიფიქრე: „როგორ უნდა დამაფინიშოს? ეს გამორიცხულია“. დავთანხმდი, მაგრამ მეორე დღეს, როცა ჭიდაობის ვარჯიშზე მივედი, ცხვირზე ჭრილობა გამეხსნა. საბოლოოდ, ორთაბრძოლაზე უარის თქმა მომიწია, რადგან ჭრილობა სერიოზული იყო. ისე კი, მზად ვიყავი, ეს „განგსტერული“ გამოწვევა ტურნირამდე სამი დღით ადრე მიმეღო“,
- განაცხადა დვალიშვილმა.
HYPE Fighting-ში დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ეპიზოდს მართლაც ჰქონდა ადგილი და ასევე მიანიშნეს, რომ მატჩის ორგანიზების შესაძლებლობას კვლავ განიხილავენ.
„როდესაც ვფიქრობდით, რომ არმანისა და შარას ორთაბრძოლა ჩაშლის პირას იყო, შეთავაზება მერაბს გავუკეთეთ და ის მართლაც იყო ამ ტურნირის სათადარიგო ვარიანტი. გსურთ მერაბ დვალიშვილის ხილვა HYPE FC-ში?“
- ასე გამოეხმაურნენ ლიგაში ქართველი „მანქანის“ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა, როდესაც ხუთი რაუნდის ჯამში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პიოტრ იანთან დამარცხდა, ხოლო არმან ცარუკიანისა და შარა ბულეტის მატჩი გრეპლინგში, რომელიც მაინც შედგა, ფრედ დასრულდა.