„კიდევ ერთხელ უნდა ვცადო“ - ვოლკანოვსკის ორი წონის ჩემპიონობა სურს
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ კარიერის მანძილზე ორი წონის ჩემპიონობა ორჯერ სცადა, თუმცა ქვემსუბუქიდან მსუბუქ დივიზიონში ასული ავსტრალიელი მებრძოლი ორივე შემთხვევაში ისლამ მახაჩევმა დაამარცხა. მიუხედავად მიღებული იმედგაცრუებისა, ალექსი 37 წლის ასაკშიც არ კარგავს მიზნის მიღწევის იმედს და აპირებს ასეთი რისკი კიდევ ერთხელ გასწიოს, რაზეც ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკი
მინდა მომავალში UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება კიდევ ერთხელ ვცადო, თუმცა ამ ყველაფერს აზრი უნდა ჰქონდეს და მსგავს რაღაცას ვიმსახურებდე. ვიმსახურებ თუ არა ახლა? არა მგონია. ქვემსუბუქ წონაში ჯერ კიდევ არიან ქამრის პრეტედენტები, რომლებიც იმედია ჩემთან ჩხუბის შანსს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ახლა ჩემი მსუბუქ დივიზიონში ასვლა და ამით ქვემსუბუქი წონის დაყოვნება, სრული უსამართლობა იქნება.
ჩემი გეგმები ასეთია - თებერვალში დიეგო ლოპესთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ეფექტურად უნდა დავასრულო. შემდეგ მომიწევს მოვსარ ევლოევთან და ლერონ მერფისთან დაპირისპირება, მათთან ბრძოლების შემდეგ კი თავისუფლად შემეძლება ორი წონის ჩემპიონობაზე ფიქრი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია - ქამრისთვის ბრძოლაში მან აპრილში დიეგო ლოპესი დაამარცხა, ხოლო 1 თებერვალს, UFC 325-ზე ბრაზილიელთან რემატჩში ტიტულის დაცვას შეეცდება.