ითამაშებს თუ არა გულიაშვილი ბარსელონასთან | რასინგის მწვრთნელის პრესკონფერენცია
გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ მომდევნო შეხვედრას „ბარსელონას“ წინააღმდეგ, კოპა დელ რეის ეგიდით გამართავს. „ბლაუგრანასთან“ მატჩამდე სანტანდერელთა მთავარი მწვრთნელი, ხოსე ალბერტო, ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ბარსელონა საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი და ყველაზე არასასიამოვნო მეტოქეა, რადგან უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ბარსელონა ცოტა გოლს უშვებს, სოლიდურად გამოიყურება და შეუძლია, პრობლემები როგორც კონტრშეტევებით, ისე გააზრებული შეტევებით შეგიქმნას. ეს მატჩი ჩვენგან უმაღლესი დონის ჩვენებას ითხოვს.
კვირას ლა ლიგა 2-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ჩვენი პრიორიტეტი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა, თუმცა ხვალინდელ მატჩში მაქსიმალურად ძლიერ შემადგენლობას გამოვიყვანთ, რათა ბარსელონას ბრძოლა გავუმართოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. გვინდა, ბოლო შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია კარგი თამაშის ჩვენებით, მაქსიმუმის გაკეთებითა და ბარსელონასთვის კონკურენციის გაწევით მოვახდინოთ.
ითამაშებს თუ არა გულიაშვილი? გიორგი ამბობს, რომ მზად არის და შესაძლოა, ხვალ მოედანზე ვიხილოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მომენტით უნდა ვისიამოვნოთ, წინ ვიყუროთ და არაფრის შეგვეშინდეს. პოზიტიური ენერგია და ამბიციები უნდა გვქონდეს და თუ დავიჯერებთ, გამოგვივა. როდესაც მატჩი იწყება, როგორც ადრე აღვნიშნე, შანსები 50/50-ზეა. 11 ფეხბურთელი 11 ფეხბურთელს ეთამაშება და შევეცდებით, ბარსელონას ყველაფერი გავურთულოთ.“
ცნობისთვის, „რასინგისა“ და „ბარსელონას“ მერვედფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 15 იანვარს გაიმართება. მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.