მახაჩევი: წელიწადში მე-4 დაცვა, მერაბი გადატვირთული იყო, იანმა შანსი გამოიყენა
ისლამ მახაჩევმა პიოტრ იანის მიერ მერაბ დვალიშვილთან გამარჯვების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ასევე გააკეთა პროგნოზი მოსალოდნელ ტრილოგიაზე, რომელიც დიდი ალბათობით 2026 წელს გველოდება.
„ვვარაუდობდი, რომ პიოტრ იანისთვის მძიმე ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ჩხუბამდე თვენახევრით ორი თვით ადრე დუბაიში, რესტორანში შემთხვევით შევხვდით და ვუთხარი: „შემდეგი ბრძოლა შენთვის ყველაზე დიდი შანსია“. პიოტრი აღარ არის ახალგაზრდა, მერაბი კი, როგორც ყველა ამბობდა, ცოტა გადატვირთული იყო. წელიწადში მეოთხე დაცვა - პიოტრისთვის ეს საუკეთესო დღე იყო და მან მომენტით ისარგებლა.
არ ვიცი, გაითვალისწინა თუ არა ჩემი რჩევა, მაგრამ ვხედავ, რომ კარგად მოემზადა, დაიმატა ბიჭები დაღესტნიდან, იმუშავა ჭიდაობაზე და ბრძოლაშიც გამოჩნდა, რომ ამ მხრივ მზად იყო. პირველ ჩხუბში პიოტრმა ბევრი ფეხში შესვლა გაატარა და ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მეორე ბრძოლამ აჩვენა, რომ შეცდომებზე კარგად იმუშავა.
ვფიქრობ, მერაბთან მესამე ბრძოლაში პიოტრს კიდევ უფრო გაუადვილდება. მან უკვე იცის, რას ელოდოს მერაბისგან, იცის, რომ შეუძლია ამ ჭიდაობის შეჩერება, ასევე სჯერა საკუთარი ჭიდაობის, ასე რომ კიდევ უფრო ადვილი იქნება. თუმცა მოდუნება არ შეიძლება. პიოტრი იმავე ფორმაში და განწყობით უნდა გამოვიდეს, არ უნდა შეეშინდეს მერაბის ჭიდაობის და თავადაც უნდა შევიდეს ფეხში, რასაც მეორე ბრძოლაში აკეთებდა კიდეც“,
- განაცხადა მახაჩევმა არხ „უშატაიკასთან“ (Ушатайка) ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ პიოტრ იანმა ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ლას-ვეგასში, UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.