„მოდი ქომაგებს ნამდვილი სასაკლაო ვაჩვენოთ“ - ფერეირამ დოლიძე გამოიწვია
ბრაზილიელმა საშუალოწონოსანმა, ბრუნო ფერეირამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა თანამემამულემ, პაულო კოსტამ უარი თქვა ბრძოლაზე, რომელიც 7 მარტს, ლას-ვეგასში, UFC 326-ზე უნდა გამართულიყო.
„ბორაჩინია“ (კოსტას მეტსახელი) კვლავ თავის სტიქიაშია. სამწუხაროდ, ამ ამბავს არ გავუოცებივარ. მას ეს სხვა მებრძოლების მიმართაც გაუკეთებია. საერთოდ, ბევრი ამბობდა, რომ ასე მოხდებოდა, როცა ბრძოლა დაანონსდა. თუ ის ტრავმირებული არ არის, ეს ჩემი, UFC-ისა და ფანების მიმართ გამოხატული ამაზრზენი უპატივცემულობაა“,
– განაცხადა ფერეირამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ფერეირას თქმით, ის მზადაა მიიღოს ნებისმიერი მეტოქე, რომელსაც ორგანიზაცია შესთავაზებს, თუმცა სურს ოქტაგონი რომან დოლიძესთან გაიყოს, რომელიც საშუალო დივიზიონის რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს.
„არჩევანს UFC-ს მივანდობ, მაგრამ არის ერთი ბიჭი, რომლის მიმართაც მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, „ბორაჩინიასავით“ გაქცევას არ დაიწყებს. რომან დოლიძე, მოდი გავაკეთოთ ეს. მთელი პატივისცემით, შენს მიმართ პირადი არაფერი მაქვს, მაგრამ მოდი ფანებს UFC 326-ზე ნამდვილი სასაკლაო ვაჩვენოთ“,
– დაამატა ბრაზილიელმა.
რომან დოლიძემ აგვისტოში სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, როდესაც მეოთხე რაუნდში ენტონი ერნანდესთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.