გერმანიასთან 0:2 დავმარცხდით | სვანაძის გუნდი დიდი დანაკლისით (U21)
ევროშესარჩევის მეხუთე ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები „მიხეილ მესხზე’’ გერმანიასთან 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ბიშოფის შესრულებულ კუთხურს ელ მალას პასი და ლენარტ კარლის გოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები პოზიციურად რამდენჯერმე შეცდნენ, გოლის მომენტშიც ანალოგიურად იყო, 17 წლის ლენარტ კარლი, რომელიც უკვე მიუნხენის „ბაიერნის’’ პირველ გუნდში თამაშობს, უმეთვალყურეოდ დატოვეს. მეორე გოლი 58-ე წუთზე ტრესოლდიმ გაიტანა („ბრიუგეს'' ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონას'' შეუგდო).
დიდი დანაკლისი
ნოემბრის სანაკრებო პაუზა ირაკლი იეგოიანმა გამოტოვა, საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო გერმანიასთან ლუკა ლაცაბიძემ ვერ ითამაშა, რაც ასევე დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში სანდრო ნარიმანიძე და გაბრიელ სიგუა მიიწვია. გარდა ამისა, ვახტანგ სალია კვლავ ტრავმირებულია, ხოლო მეკარე მიხეილ მაქაცარია უთამაშებელია და ამის გამო ნოემბრის მატჩებში პაპუნა ბერუაშვილი იდგა, რომელიც რანგით მეორე ლიგის „რუსთავის’’ მეკარეა.
სიგუასა და ლაცაბიძის არყოფნაში გერმანიასთან კაპიტანი ნიკოლოზ დადიანი იყო.
მიმდინარე შესარჩევში საქართველომ ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შემდეგ სტუმრად მალტა გაანადგურა (0:6), რასაც ათენში ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მარცხი მოჰყვა (3:0), დღეს გერმანიასთან დავმარცხდით. საინტერესოა, რომ საბერძნეთმა ხუთივე მატჩი მოიგო, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ტურში გერმანია სტუმრად დაამარცხა (2:3).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს შემდეგ წელს, 27 მარტს შინ ლატვიასთან გამართავს.
მიმდინარეობს განახლება