„ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“ - ესპანელი აგენტი
 
ანტონიო ლოპესი, ესპანელი აგენტი, ქართველ ფეხბურთელებს ესპანურ კლუბებში გადასვლაში დაეხმარა. ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით, ლოპესი ესპანურ გამოცემა „იდეასს“ (Ideas) ესაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ესპანურ ლიგებში გადავიდნენ. ლოპესმა გიორგი მამარდაშვილისა და იური ტაბატაძის ტრანსფერებზე ისაუბრა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
ანტონიო ლოპესის ინტერვიუ:
„2020 წელს, როდესაც გიორგი „ლოკომოტივში“ ირიცხებოდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „გრანადას“ შეხვდა. ეს თამაში მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო. მას 6 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი და თვეში სულ რაღაც 800 ევროს გამოიმუშავებდა. ამ თამაშამდე ის რამდენიმე კლუბს შევთავაზე, მაგრამ არც „გრანადას“ და არც რომელიმე სხვა კლუბს არ დაურეკავს...“
„სპორტულ დირექტორებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ ნდობა ქართველების მიმართ და ყოველთვის ბრაზილიელებს ან არგენტინელებს ანიჭებდნენ უპირატესობას. თუმცა, საქართველოში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და მათი ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რასაც ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მათი პლეი-ოფში გასვლაც ადასტურებს.“
„მაგალითად, ტაბატაძე 4 წლის წინ შევთავაზე „ლას პალმასს“, „კარტახენას“, „ლუგოს“, „ანდორას“, „ტენერიფეს“... და ვერ დავარწმუნე, რომ მისი დამატება გამოადგებოდათ. ახლა კი „კადისშია“ და ყველა ვხედავთ, როგორ თამაშობს. ახლაც მრავლად არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც უახლოეს მომავალში ესპანეთში გადმოვა. ვფიქრობ, ქართულ ბაზარს უფრო დიდ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ.“
„სანამ კვარაცხელია დიდ ფეხბურთში გამოჩნდებოდა, ესპანეთში ბევრმა ძლიერმა კლუბმა იმ პერიოდში მისი დამატება არ ისურვა, რასაც ხშირად არ ვახსენებ, რადგან ჩემზე გაბრაზდებიან. მათ არც კი იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ომის გამო რუსეთის ჩემპიონატიდან წამოვიდა. ზოგიერთი ახლაც თვლის, რომ საქართველო შეერთებული შტატების შტატია. მათი საფეხბურთო სტრუქტურა სუსტი და გაუმჯობესებადია ისეთი პრეზიდენტებით, თუნდაც როგორიც ხესუს ხილი იყო (ატლეტიკოს ყოფილი პრეზიდენტი). ამის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს საკმაოდ ხელმისაწვდომი ბაზარი აქვს, რომელსაც ახლაც შეუძლია ესპანური კლუბების შევსება.“
„საქართველოში ხშირად ჩავდივარ და მარტივი ნამდვილად არ არის. შესაძლოა, იქ ჩასასვლელად 16 საათიც კი დამჭირდეს. ძირითადად ბათუმში მივდივარ, ეს ადგილი დუბაის რეგიონს ჰგავს, რადგან იქ საშინლად გადატვირთული საავტომობილო მოძრაობაა. საქართველოში ხშირად ეროვნული ლიგის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის დროს თამაშობენ და სტადიონზე ძალიან ცოტა გულშემატკივარი დადის, რადგან მატჩებს YouTube-ზე უფასოდ გადასცემენ. ამასთან, მხოლოდ ორი ან სამი წესიერი სტადიონია...“
„მაგრამ ქართველები ძალიან კარგი სპორტსმენები არიან - ფიზიკურად ძლიერები და გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებლები, ისეთი, როგორიც თუნდაც ილია თოფურია. მათი ფეხბურთელები ხშირად უჩივიან ქვეყანაში ტაქტიკის ნაკლებობას, მაგრამ ისინი ტექნიკურები, აგრესიულები და შრომისმოყვარეები არიან და, უპირველეს ყოვლისა, ძალიან არიან მოწყურებულნი წარმატებას. ისინი ძალიან დაბალი ხელფასებით მოდიან და მოუთმენლად ელიან საზღვარგარეთ წასვლას.“
როგორც ცნობილია, ანტონიო ლოპესი ესპანეთში გადასვლაში გიორგი მამარდაშვილისა და იური ტაბატაძის გარდა, ლუკა გაგნიძეს, გიორგი ჯინჯოლავას და კიდევ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს დაეხმარა.