დიეგო მარადონა, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მარადონას გაუთანაბრდა - ლაუტაროს მორიგი მიღწევა

ვენესუელასთან (3:0) მოგებული შეხვედრა არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლაუტარო მარტინესს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება. მისგან გოლის გატანას გულშემატკივრები მიჩვეულები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში „ინტერის“ კაპიტნის მიერ თავის გამოჩენა ნამდვილად ისტორიული მიღწევა გახლდათ, რადგან ალბისელესტეში გატანილი ბურთების რაოდენობით ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია.

ლაუტაროსთვის ეს გოლი რიგით 33-ე გამოდგა და თუ ანალოგიური შედეგის მისაღწევად მარადონას 84 მატჩის გამართვა დასჭირდა, მარტინესისთვის 71 შეხვედრაც საკმარისი გამოდგა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამპლუიდან გამომდინარე ლაუტაროს ბურთების გატანა უფრო ევალება, ვიდრე დიეგოს ევალებოდა. ახლა ნერიაძურის თავდასხმის ლიდერზე წინ მხოლოდ ერნან კრესპო (64 მატჩი, 35 გოლი), სერხიო აგუერო (101 მატჩი, 42 გოლი), გაბრიელ ბატისტუტა (78 მატჩი, 54 გოლი) და ლიონელ მესი (194 მატჩი, 114 გოლი) არიან.

კონმებოლის ზონაში 2026 წლის მუნდიალის მორიგ შესარჩევ მატჩს არგენტინელები 10 სექტემბერს, სტუმრად ეკვადორთან გამართავენ და დუბლის შესრულების შემთხვევაში ლაუტარო მარტინესი ამჯერად უკვე ერნან კრესპოს დაეწევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა