„ოდიშარიას იმედი აქვს, რომ სპორტინგში ითამაშებს“ - ესპანური გამოცემა
ლატვიური RFS-ს ქართველი ლეგიონერის ლაშა ოდიშარიას მიმართ ინტერესი ლა ლიგა 2-ში მოთამაშე ხიხონის „სპორტინგს“ აქვს, რომელიც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ფეხბურთელის ფასი არ მოსწონთ.
ესპანური lavozdeasturias-ი ოდიშარიას შესახებ ვრცლად საუბრობს და მის მოსალოდნელ ტრანსფერსაც ეხება.
„ცაცია ქართველი გარემარბი ბოლო ოთხ მატჩში არ გამოჩენილა, ხოლო ლატვიური მედიის ინფორმაციით, მან საზარდულის არეში დისკომფორტი აქვს.
ხიხონის სპორტინგი ღიად ტოვებს ლაშა ოდიშარიას ტრანსფერის ვარიანტს, თავად ფეხბურთელს კი დიდი სურვილი აქვს, რომ ესპანურ გუნდში ითამაშოს. RFS-მ ქართველი შემტევი თბილისის დინამოდან 350 ათას ევროდ შეიძინა, ახლა კი გაცილებით ძვირად გაყიდვა სურს.
ფეხბურთელის გარემოცვა იმედოვნებს, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სიტუაცია განიმუხტება და ოდიშარია სპორტინგში ითამაშებს.
ლაშა ხშირად წარმატებით თამაშობს მარჯვენა ფლანგზე, თუმცა მისთვის ბუნებრივი პოზიცია მარცხნივაა (ესპანურ გამოცემას შეეშალა, ოდიშარიას ბუნებრივი ამპლუა მარჯვენა ფლანგია) და ადაპტაციის უნარიც მაღალი აქვს. ის შემტევი სტილის ფეხბურთელია, იდეალური ვარიანტია მეორე ხაზის სხვა მოთამაშეებთან კომბინირებისთვის.
22 წლის ქართველმა ამ ზაფხულს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ტალანტად ითვლება. ამავდროულად, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სპორტინგი განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერი ვერ შედგება“.
- წერს ესპანური გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ხიხონის „სპორტინგი'' ლა ლიგა 2-ში თამაშობს, გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.