დილამ ბოლომდე იბრძოლა და 86-ე წუთზე გაიტანა | ყველაფერი გორში გადაწყდება
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „რიგას“ ხვდება. პირველი მატჩი ლატვიელთა საშინაო არენაზე გაიმართა და განმეორებითი მატჩის წინ „რიგას“ ერთბურთიანი უპირატესობა აქვს - 2:1.
მატჩის პირველ ტაიმში „რიგა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა. მე-11 წუთზე იაგო სიქუერამ დაარტყა, მაგრამ დავით კერესელიძეს ვერ აჯობა. 24-ე წუთზე გორელები გოლს გადაურჩნენ და მასპინძლებმა ხელსაყრელი მდგომარეობა ვერ გამოიყენეს.
საწყის 45 წუთში „დილას“ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ მეკარეს პრობლემები არ გასჩენია. ლატვიელებმა პირველი ტაიმი მაინც მოიგეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე რეჯინალდო რამირესმა მეორე სართულზე ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა.
„დილამ“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და ინიციატივას ფლობდა. 55-ე წუთზე ალექსანდერ ანდრონიკაშვილის საჯარიმო მეტოქის კარს ოდნავ ასცდა, 2 წუთში კი კერესელიძემ საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. 66-ე წუთზე „რიგამ“ მეორე ბურთი შეაგდო. ჟოაუ გრიმალდოს კუთხურის შემდეგ, იაგო სიქუერამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და აუღებელი დაარტყა.
გორელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 86-ე წუთზე ჩამორჩენა შეამცირეს. საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, ბასინგამ მეტოქის კარისკენ დაარტყა. „რიგას“ მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა გოლი მაინც გავიდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გორში გაიმართება.