„მის განცხადებებს არ ვეთანხმები, მაგრამ მადლობა ეკუთვნის“ - ჭიაბრიშვილმა კერესელიძეზე ისაუბრა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი „დინამო ბათუმი“ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. როგორც ფეხბურთელებს, ასევე სტაფის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ბათუმელებს მეორე წრეში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა რომ ძალიან გაუჭირდებათ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მთავარი მწვრთნელი უარყოფს. გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას როგორც გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტსა და მის მიერ გაკეთებულ ტრანსფერსაც შეეხო.
გიორგი ჭიაბრიშვილი
ფინანსური კრიზისია და დიდი ხანია ენთუზიამზე ვართ როგორც ფეხბურთელები, ასევე სტაფის წევრები. ძალიან დიდი შრომა გვიწევს საიმისოდ, რომ მობილიზება მოვახდინოთ და მინდორზე სრულფასოვნად გავიდეთ და ვივარჯიშოთ.
„ტორპედოს“ პრეზიდენტის, დავით კერესელიძის განცხადებებს ხშირად ვუსმენ ხოლმე და მინდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები. განსაკუთრებით არ ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ თურმე ქართველ მწვრთნელებს გადამზადება სჭირდებათ და აქ უცხოელებმა უნდა იმუშაონ, რადგან ეს ნაწილობრივ ჩვენი შეურაცხყოფაა.
თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან უკვე ამდენი ხანია ქუთაისურ კლუბშია და წლიდან წლამდე აუმჯობესებს ბიუჯეტს. გარდა ამისა, თუ არ ვცდები, პირველი პრეცედენტი მოხდა, რომ საქართველოს კლუბმა ევროტურნირების წინ ტრანსფერი განახორციელა და ფეხბურთელში ფული გადაიხადა. ვგულისხმობ ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომლის „შერიფიდან“ ჩამოყვანაც თუ არ ვცდები 650 ათასი დაჯდა.
მამუჩაშვილი არც ქუჩიდან მოვიდა და არც თავისუფალი აგენტი იყო, რომელიც გუნდს აღარ სჭირდებოდა - ის ტირასპოლის კლუბის ლიდერად ითვლებოდა და იქიდან გარკვეულ თანხად ჩამოიყვანეს საქართველოში. მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი კერესელიძეს რომ არ გადაედგა და ამ ფეხბურთელით ნახევარდაცვა არ გაეძლიერებინა, „ტორპედო“ „ორდაბასის“ ბარიერს ვერ დაძლევდა.
ცნობისათვის, უეფას კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლის პირველი შეხვედრებიც მომდევნო ოთხშაბათ-ხუთშაბათს შედგება, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოთხი წარმომადგენელი ითამაშებს - „ტორპედო“ კვიპროსის „ომონიას“ დაუპირისპირდება, „სპაერის“ მეტოქე „აუსტრია“ იქნება, „იბერია“ „ლევადიას“ შეხვდება, ხოლო „დილა“ ურთიერთობას ლატვიის „რიგასთან“ გაარკვევს.