დინამო ბათუმი
Aa
Aa

დინამო ბათუმს მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება - „პირატები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბათუმის „დინამოს“ ქულების დაკლება და მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

ცოტა ხნის წინ, ბათუმური კლუბის ოფიციალურმა ფანკლუბმა - „პირატებმა“ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია კლუბის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და მე-4 ლიგაში დაქვეითების საფრთხეზე.

რა წერია განცხადებაში:

მოგესალმებით, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ბათუმის „დინამო“ - ჩვენი ღირსების სიმბოლო.

კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.

მიგვაჩნია, რომ ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება — ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს.

ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის - ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ბათუმის "დინამოს" უკავშირდება.

ამავდროულად, გვინდა მადლობა ვუთხრათ არჩილ ბერიძეს - ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდმა არაერთი ისტორიული გამარჯვება იზეიმა და მრავალი სიხარული აჩუქა როგორც ქალაქს, ისე გულშემატკივარს.

თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე - მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.

დროა ვიმოქმედოთ - სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან!

ასევე, მივმართავთ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა. გმადლობთ, თქვენი პირატები.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამოს“ 30 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს პროგრესი აქვს - FIFA-მ რეიტინგი განაახლა
საქართველოს პროგრესი აქვს - FIFA-მ რეიტინგი განაახლა