„სიამოვნებით დავანოკაუტებდი“ | გეიჯის თოფურიასთან ჩხუბი სურს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიაზე ისაუბრა. გეიჯის საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს და აცხადებს, რომ „ელ მატადორს“ სიამოვნებით დაანოკაუტებდა.
„ამ მომენტისთვის თოფურია დიდი სახელის მქონე მებრძოლია. საკუთარ თავში ისეა თავდაჯერებული, ეს გამაღიზიანებელია და სიამოვნებით დავანოკაუტებდი",- აღნიშნა გეიჯიმ.
სხვათა შორის, თოფურიას მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა, Kanal Sportowy-ს ეთერში ილიას მომდევნო მეტოქე დაასახელა. მისი თქმით, ამ დროისთვის გეიჯი ყველაზე დამსახურებული კანდიდატია, თუმცა შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს. რაც შეეხება პედი პიმბლეტს, „ბედიზე“ ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ილიამ ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით მოიგო. „დუ ბრონქსის“ დამარცხების შემდეგ, „ელ მატადორი“ UFC-ის Pound for Pound რეიტინგის ლიდერი გახდა და პირველი ქართველია, ვინც ეს პოზიცია დაისაკუთრა.