„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, პირველივე წუთიდან მზად უნდა ვიყოთ“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მისი გუნდი ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება და ესპანელმა სპეციალისტმა მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„იმედი მაქვს, ხვალ ბრწყინვალე მატჩს ჩავატარებთ და ისტორიაში შევალთ. მარტივი არ იქნება, მაგრამ პროგრესს მივაღწიეთ და ვფიქრობ, ინტერთან თამაშისთვის მზად ვართ. ხვალინდელ დაპირისპირებაში, აუცილებელია მატჩის სცენარიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ და სხვადასხვა სიტუაციებთან ადაპტაცია მოვახდინოთ. ერთმა გოლმა შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს და პირველივე წუთიდან მზად უნდა ვიყოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
პარი სენ-ჟერმენი არის გუნდი, რომელიც ფინალში თამაშს შეჩვეულია. რა თქმა უნდა, მოტივაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ინტერს ყველა კარგად ვიცნობთ და ყველამ ვიცით, რამდენად კონკურენტუნარიანი გუნდია. იტალიური ფეხბურთის შესახებ ყველაფერი კარგად მოგვეხსენება. ინტერი ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს და მისი მოპოვება რთული იქნება, ხოლო როდესაც ნერაძურის ბურთი არ აქვს, თავს შესანიშნავად იცავს.
რას ველოდები ხვალინდელ შეხვედრაში? ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და გვინდა, თამაში ისე განვითარდეს, როგორც გვაწყობს და რომელშიც საუკეთესოდ გამოვიყურებით. საოცარი გუნდი მყავს, რომელშიც ტოპ ფეხბურთელები ასპარეზობენ. ყოველთვის ვცდილობ, აქცენტი პოზიტივზე გავაკეთო და მოთამაშეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, პროგრესის მიღწევაში დავეხმარო.
ფეხბურთში ბევრი გამორჩეული მომენტია და ყოველ მათგანს სიმშვიდით ვხვდები. ჩემი მიზანია, მშვიდი დამოკიდებულება ფეხბურთელებს გადავცე და მივახვედრო, რას ნიშნავს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში და ისტორიის დაწერის შანსის მიღება. პარი სენ-ჟერმენში, ჩემპიონთა ლიგა არავის მოუგია და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ემოციებს არ ავყვეთ“.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია. რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.