„მოედანზე განსხვავებას ქმნის ფეხბურთელების ხარისხი, და არა ხელფასები“ - ინძაგი ფინალის წინ
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სიმონე ინძაგი:
„გვერდზე გადავდეთ ის ფაქტი, რომ სერია ა ვერ მოვიგეთ და ორშაბათიდან მოყოლებული ყველა მხოლოდ ფინალზე ფიქრობს. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სათამაშოდ მზადაა. ამაზე მეტს ვერაფერს ვისურვებდი. გასულ 4 წელიწადში ამ ბიჭებმა დიდი სამუშაო გასწიეს: ჩვენ ბევრი რამ მოვიგეთ, ხანდახან ვაგებდით კიდეც - მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით.
ამაყები ვართ, რომ „ინტერს“ წარმოვადგენთ. ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე: როგორც ფეხბურთელმა, ეს ვერ შევძელი, მაგრამ ამ ბიჭების დამსახურებით ბოლო 3 წელიწადში მწვრთნელის რანგში ფინალში მოვხვდი.
მოტივირებულები ვართ და მოგება გვსურს. შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. ფინალში სრულიად დამსახურებულად მოვხვდით: დავამარცხეთ ძლიერი მეტოქეები და ხვალ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
მოედანზე განსხვავებას ქმნის ფეხბურთელების ხარისხი, და არა ხელფასები. როგორც ყველა ფინალში, ხვალაც დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ორი წლის წინ აუტსაიდერები ვიყავით, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით.
ხვალ მოედანზე მონდომებულები გავალთ. ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვხვდებით, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს და მათ გამოყენებას ვეცდებით. პსჟ დამსახურებული ფინალისტია, ლუის ენრიკეს ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ის გზა, რომელიც გავიარეთ, მოტივაციას და თავდაჯერებულობას გვმატებს. ფინალამდე მოვედით და გაჩერება არ გვსურს. გასახდელში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გვყავს. მათ იციან, როგორ მოემზადონ გადამწყვეტი მატჩებისთვის.
„ინტერში“ ჩემი მომავალი? სამშაბათს შევხვდები ხელმძღვანელობას და გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და „ინტერი“ შეხვდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.