კეინის პირველი ჯილდოს შემდეგ - ტიტული ტოტენჰემმაც მოიგო
ჰარი კეინს უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელად თვლიდნენ, რადგან „ტოტენჰემში“ ტიტულების მოგებას ვერაფრით ვერ ახერხებდა. ამ ლაფსუსის აღმოსაფხვრელად, ინგლისელმა ფორვარდმა მშობლიური გუნდი დატოვა და „ბაიერნს“ მიაშურა. თუმცა, ბედის ირონიით, შარშან რეკორდმაისტერიც ჯილდოს გარეშე დარჩა და გერმანიის ჩემპიონის წოდება „ლევერკუზენმა“ ჩამოართვა. სამაგიეროდ, წელს კეინმა ნავსი გატეხა და მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში კარიერაში თავისი პირველი ჯილდო „ვერცხლის სინი“ მოიგო. გავიდა 17 დღე, მისმა ყოფილმა გუნდმაც გაიმარჯვა და „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში „დეზებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხეს და უნდა აღინიშნოს, რომ მათ „წითელ ეშმაკებს“ წელს ჩატარებულ ოთხივე მატჩში აჯობეს. ევროპა ლიგის ფინალამდე, „ჰოთსპურმა“ „მანკუნიანელები“ ინგლისის პრემიერ ლიგაში 3:0 და 1:0, ხოლო ასოციაციის თასის მეოთხედფინალში 4:3 დაამარცხა. არსებობს ერთი სტატისტიკა, რომელმაც შესაძლოა „ტოტენჰემის“ წარმატება ოდნავ დააკნინოს, თუმცა ეს არც ამ გუნდის ფეხბურთელებს და არც გულშემატკივრებს არ ადარდებთ - ლონდონელებს მანჩესტერელებთან ბურთის ფლობის 27,7-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ, მხოლოდ 115 ზუსტი პასი გააკეთეს და სამჯერ დაარტყეს, რაც ფინალების ისტორიაში უცუდესი მაჩვენებელია.
ასე და ამგვარად „ტოტენჰემმა“ ევროპის რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი 1972 და 1984 წლების შემდეგ მესამედ მოიგო და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა - ეს კი იმის კვალობაზე, რომ „დეზები“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფებიან, მართლაც საოცარი წარმატებაა.