ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„UFC-იმ ერთხელ უკვე გადაარჩინა, ახლა კი ვერაფერი უშველის“ - თოფურია ჰოლოუეიზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია იუთუბზე ცნობილი გადაცემა The MMA Hour-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ილია თოფურია:

ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლას ძალიან ბევრჯერ ვუყურე და ყოველ ჯერზე განსაკუთრებული გრძნობა მეუფლებოდა, იმიტომ რომ ამაზე ვოცნებობდი, ახლა კი მაქვს შესაძლებლობა, რომ ბევრჯერ გავამეორო და ისევ და ისევ, ახლიდან ვუყურო. ბედნიერი კაცი ვარ. როდესაც ბრძოლის შემდეგ სახლში დავბრუნდი, სავარძელში დავჯექი და ბრძოლას მაშინვე ვუყურე. წარმოუდგენელი რეაქცია მქონდა. ვუყურებდი, როგორ იქცა ჩემი ოცნება რეალობად. შემეძლო, ტელევიზორში მენახა, გადამეხვია და კიდევ მენახა. ამ ოცნებით დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი... მქონდა შიშები, დიალოგი საკუთარ თავთან და დღე, როდესაც ეს ყველაფერი რეალობად იქცა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩემი ინსტაგრამის წარწერა? ის მაშინ იმიტომ დავწერე, რომ ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო, ახლა უკვე ჩემპიონი ვარ და სხვა მიზნები მაქვს. მინდა ლეგენდა გავხდე, ისტორია ახლახან დავწერე, ახლა კი დროა დავიწერო - ლეგენდა.

რატომ ვიყავი UFC 300-ზე და მინდა, თუ არა მაქს ჰოლოუეი მომდევნო მეტოქედ? იმედი მქონდა, რომ მოიგებდა, რადგან თუ ამას იზამდა, ჩემი მომდევნო მეტოქე გახდებოდა. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ყველამ ვიცით, რომ ამ ჩხუბის დიდებული მომენტი ბოლო 10 წამი იყო, ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, საერთო ჯამში ბრძოლა არ მომეწონა. ამ ათმა წამმა გახადა ეს ბრძოლა განსაკუთრებული. იმედი მაქვს, რომ ოქტაგონს ერთობლივად წლის ბოლომდე გავიზიარებთ, თქვენ კი იცით რაც მოხდება და რას ვფიქრობ ამაზე.

რატომ არ მომეწონა მისი და გეიჯის ბრძოლა? ვერ დავინახე ვერანაირი ტექნიკა, სტრატეგია, ძალა და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბარის ჩხუბს ვუყურებდი. ბოლო 10 წამი კი ნამდვილად საოცარი იყო. ჰოლოუეის საქციელი პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. ის ბრძოლას იგებდა და ბოლო 10 წამში საკუთარი თავის რისკის ქვეშ დააყენა. შეიძლებოდა, რომ ნოკაუტში თვითონ ჩავარდნილიყო. მან გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ჩემთან ბრძოლა რადიკალურად განსხვავებული იქნება, რადგან არც ერთ ნაბიჯს უკან არ ვდგამ, ყოველთვის წინ მივიწევ, წრეზე დავდივარ და ვურტყამ. გალიაში სწორედ ამ სტრატეგიით შევდივარ და არა უბრალოდ დარტყმების შესასრულებლად.

ჩემი რეაქცია მის ნოკაუტზე და შემეშინდა თუ არა? სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ვერც კი მივხვდი, რომ კამერა მიღებდა, უბრალოდ ისრაელ ადესანიას ვესაუბრებოდი და გარშემო ვიხედებოდი, ეს იყო და ეს... თუმცა, ვიცი, რაც მოხდება, როდესაც ოქტაგონზე ერთად შევალთ. ვიცი, რომ რეალობაში ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამას ხალხი ამბობს. გეიჯისთან მისი სახე ხომ ნახეთ? მოტოციკლეტიდან, უჩაფხუტოდ გადმოვარდნილს ჰგავდა.

თუ გახსოვთ, მაქსს ვოლკანოვსკისთან ბრძოლამდე ვითხოვდი და ის UFC-იმ გადაარჩინა. მასთან ბრძოლა ყოველთვის მინდოდა და არაერთხელ გამოვიწვიე, მაგრამ საბოლოოდ ვოლკანოვსკი მომცეს. მათ ჰოლოუეი ამ მომენტისთვის შემოინახეს. მოკლედ, მაქს ჰოლოუეი შემდეგია, ახლა ვეღარაფერი უშველის. მას შეუძლია ის თქვას, რაც მოესურვება... თქვას, რომ გავურბივარ, არ მაქვს კვერცხები და ა.შ. მე კი ვეტყვი, რომ ისეთივე ენერგია ჰქონდეს, როგორიც გეიჯისთან ბოლო 10 წამში აჩვენა, თუმცა, ეს ენერგია არა ბოლოს, არამედ პირველ 10 წამში გამოიყენოს და ყველა ნახავთ, რაც მოხდება. ვიცი, რომ პირველი ვიქნები, ვინც გათიშავს. ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ და იმას გავუკეთებ, რასაც მოისურვებს. მასაც ვკითხავ, როგორ უნდა რომ დავაფინიშო - ნოკაუტით, თუ საბმიშენით.

ვოლკანოვსკი? ვერ ვიტყვით, რომ მან რემატჩი არ დაიმსახურა. ეს ბიჭი იყო მეომარი ჩემპიონი, დაიცვა ქამარი ექვსჯერ, თუ შვიდჯერ. P4P-ის ლიდერიც იყო და ნამდვილად დიდებული მებრძოლია, ძალიან ტექნიკური, ალბათ ყველაზე ტექნიკურიც, ვისთანაც აქამდე მიჩხუბია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ძალების აღსადგენად მეტი დრო სჭირდება. წლის ბოლომდე რომ ვეჩხუბო და კიდევ დავანოკაუტო, ერთ წელში ეს მისთვის მესამე ნოკაუტი იქნება, რაც მასზე კარგად არ იმოქმედებს. ესაა და ეს, მისთვის უბრალოდ კარგი მინდა. მინდა, რომ ჩემს წინ ვოლკანოვსკის საუკეთესო ვერსია იდგეს. დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და როდესაც ჩათვლის, რომ მზად არის, ამის შემდეგ ვიჩხუბოთ, არაა პრობლემა.

ბერნაბეუზე ბრძოლის ჩატარება რეალურია, მაგრამ მაქს ჰოლოუეისთან სხვაგან ვიჩხუბებ, UFC  ესპანეთში სავარაუდოდ 2025 წელს გაიმართება. მოლაპარაკებები მიდის და ეს აუცილებლად მოხდება, დროის საკითხია. ვისთან ვიჩხუბებდი? თუ კონორი მაიკლ ჩენდლერს დაამარცხებს დიდი სიამოვნებით შევხვდები 170 ფუტში, შეგვიძლია BMF-ის ქამარზეც ვიჩხუბოთ. ასევე, თუ ომალი ქამარს დაიცავს, რაშიც ეჭვი მეპარება, ეს ბრძოლაც შესაძლებელია. არ ვიცი, ჩემს გონებაში ბევრი დიდი ბრძოლა მოიაზრება, მათ შორის ვოლკანოვსკიც.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი 17 თებერვალს, ნოკაუტით დაამარცხა, მაქს ჰოლოუეიმ კი გასულ უქმეებზე BMF-ის ქამრისთვის ბრძოლა ჯასტინ გეიჯის მოუგო, შემდეგ კი ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ილია თოფურია გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე