ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

უნიონ ბერლინი VS ნაპოლი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

 „ნაპოლი“ 

რუდი გარსიას გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „ვერონა“ 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 17 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 5 ქულით ჩამორჩება.

 დანაკლისი: 

ამ მხრივ იტალიის მოქმედ ჩემპიონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ტრავმირებულია ვიქტორ ოსიმენი, რომელიც მინდორზე, როგორც მინიმუმ კიდევ 1 თვე ვერ დაბრუნდება. გერმანულ გუნდთან რუდი გარსიას ასევე ანგისა არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ელმასის და ჟუან ჟესუსის თამაშიც.

 უნიონ ბერლინი 

მიმდინარე სეზონში, „უნიონის“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფიშერის გუნდმა 8 მატჩიდან 6 წააგო და მხოლოდ 2 მოიგო. ამ შედეგით კი ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება. უკანასკნელ ტურში „უნიონ ბერლინმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

დანაკლისი:

გერმანულ გუნდს „ნაპოლისთან“ დელი, იურანოვიჩი და შაფერი არ ეყოლება. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კაუფმანის, რუსილონის და შვოლოუს თამაში.

ფიშერი მატჩის წინ:

„ალბათ კარგია, რომ ვითარების სწრაფად გამოსწორების შანსი მოგვეცა, თუმცა, რთული მეტოქე გვყავს და იტალიის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებით. ბოლო პერიოდში პოზიტიური შედეგები არ გვქონია, მაგრამ საჭიროა, თვითრწმენა და ოპტიმისტური განწყობა შევინარჩუნოთ. ნაპოლისთან სწორი დამოკიდებულება გვექნება, რაც ქულების აღებაში დაგვეხმარება.

არ ვფიქრობ, რომ ნაპოლის კრიზისი აქვს. ისინი ჩემპიონატის ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან და ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგეს. ვიქტორ ოსიმენი და ზამბო ანგისა ტრავმირებული არიან, მაგრამ ვიცი, რომ პარტენოპეის ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია. ნაპოლი ყველგან საშიშია. გარემარბებმა, კვარაცხელიამ და პოლიტანომ იციან, სახიფათოები როგორ იყვნენ და მათ დიდ ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა ლობოტკაც არ გვავიწყდება, რომელიც ნაპოლის ნახევარდაცვის მეტრონომია.

გასულ სეზონში ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავდა და რა შეიცვალა? პასუხის გაცემა მარტივი არაა და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კომპაქტურობაა, მაგრამ წაგებული ორთაბრძოლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თამაშის სხვადასხვა ფაზაში კონკრეტულობა გვაკლია და საჭიროა, ერთი-ერთზე შექმნილი სიტუაციებისას სოლიდურობა და კომპაქტურობა ვიპოვოთ. ხვალ წინსვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“.

რა თქვა რანი ხედირამ მატჩის წინ?

„როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას? ხვიჩა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შემთხვევითობა არაა, რომ მეტსახელად კვარადონა შეარქვეს. ოსიმენთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის, მაგრამ ვიქტორი ჩვენთან არ ითამაშებს. ნაპოლის შეტევა რთული შესაჩერებელია და მან ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მოგვიწევს, თავი გუნდურად დავიცვათ, სადაც საჭირო იქნება, ორმაგი დაცვა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად ცოტა სივრცე დავუტოვოთ და მხოლოდ დაცვაში კი არ ვიდგეთ, შეტევაზეც გადავიდეთ“.

გარსია მატჩის წინ:

უნიონ ბერლინს კარგი უახლესი ისტორია აქვს, რადგან მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსვლის შემდეგ მათ მალევე მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. შარშან შესანიშნავი ჩემპიონატი ჰქონდათ. როგორც ახლა, ისე გასულ წელს სეზონის კარგი სტარტი ჰქონდათ და საბოლოოდ, ტურნირზე კვალიფიცირდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნამდვილად დაიმსახურეს. ახლა ყველაზე მეტად მათი აწმყო მაინტერესებს. ეს გუნდი კარგად შევისწავლეთ. ახლა რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ზოგიერთს პირადად ვიცნობ, მაგალითად ბონუჩის, მაგრამ ასევე ფრანგების შესახებაც ბევრი რამ ვიცი.

ვფიქრობ, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად მზად ვართ. არ არის საჭირო მწვრთნელმა განსაკუთრებული მოტივაცია მოითხოვოს ისეთი დონის ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გათამაშება „ბრაგასთან“ გამარჯვებით დავიწყეთ, შემდეგ „რეალთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულები ვერ მოვიპოვეთ, ხვალ კი მიზანი იმ ქულების მოპოვებაა, რომელიც წინა ტურში დავკარგეთ.

ჟელინსკი მატჩის წინ:

გუნდი კარგად მუშაობს. მილანთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ამ მომენტისთვის, 6 ქულით ლიდერი მადრიდის „რეალია“. მეორე და მესამე ადგილს 3-3 ქულით „ნაპოლი“ და „ბრაგა“ იყოფენ.

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები