„შოტლანდიამ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გააჩეროს“ - The Herald-ის სტატია კვარაზე
ცნობილმა შოტლანდიურმა გამოცემამ, The Herald-მა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. The Herald-ის მიხედვით, „კვარა“ არის ფეხბურთელი, რომელიც „სკოტებმა“ აუცილებლად უნდა გააჩერონ და მას სტივ კლარკის გუნდისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.
„საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთხელ უთამაშია, მაგრამ შოტლანდიაში არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს საოცარი ფეხბურთელები აღუზრდია. შოტლანდიაში მცხოვრები გულშემატკივრები კვლავინდებურად აღმერთებენ შოთა არველაძეს, თემურ ქეცბაიას, ზურაბ ხიზანიშვილსა და გიორგი ნემსაძეს, რომელთა თამაშიც 2000-იანი წლების დასაწყისში, დანდისა და რეინჯერსის მაისურებით იხილეს.
მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას ახალი სიმბოლო ჰყავს. იგი 22 წლისაა, ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს გამართული და უკვე სახელოვან თანამემამულეებზე დიდ ტალანტად მიიჩნევენ. მის სამშობლოში, რომლის ნაკრებიც ხვალ, ჰემპდენზე შოტლანდიას დაუპირისპირდება, იმედოვნებენ, რომ იგი საქართველოს გაუძღვება და დიდი ტურნირის საგზურს უახლოეს მომავალში მოუპოვებს.
ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ წარმატებას მან იტალიაში გამართულ სადებიუტო სეზონში მიაღწია და საქმეში კარგად ჩახედული დამკვირვებლების მიხედვით, იგი ევროპული ფეხბურთის მომდევნო სუპერვარსკვლავია. მას ნამდვილად შეუძლია, სტივ კლარკის მფრინავ გუნდს, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ძალიან რთული 90 წუთი მისცეს. საქართველო, რომლის ლიდერიც კვარაცხელია იქნება, ღირსეული მეტოქეა და ეს სტივ კლარკისთვის და მისი შეგირდებისთვის შოკს არ წარმოადგენს“, - წერს შოტლანდიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.