საქართველოს თასი, იბერია 1999, თბილისის ლოკომოტივი
Aa
Aa

საქართველოს თასი: ლოკომოტივი 2 ფინალშია! - ტორპედომ დინამოს წაუგებელი სერია შეწყვიტა

დავით ყიფიანის სახელობის თასზე ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც საქართველოს თასის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პირველი გუნდი, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა, ქუთაისის „ტორპედო“ იყო. კახა ჩხეტიანის ფეხბურთელები ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.

ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. მასპინძლებმა ანგარიში 56-ე წუთზე გახსნეს. თბილისური კლუბის კარში გოლი პორტუგალიელმა მონტეირომ გაიტანა. 73-ე წუთზე „ტორპედოს“ პარაგვაელმა ფორვარდმა, პაულო კაბალიერომ „დინამოს“ მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღის მეორე მატჩი საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გაიმართა, სადაც „ლოკომოტივი 2“-მა „საბურთლოს“ უმასპინძლა და კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. ძირითად დროში გუნდები მომენტების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდნენ. ერთადერთი საინტერესო რაც 90 წუთში მოხდა, გიორგი ჯგერენაიას გაძევება იყო. 53-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელი მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა, თუმცა ჯგერენაიამ ის წესების დარღვევით შეაჩერა, რის გამოც მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.

დარჩენილ დროში „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს, თუმცა მიზანს პენალტების სერიაში მიაღწიეს. საფეხბურთო ლატარეაში კი უფრო ძლიერები მასპინძლები არმოჩნდნენ, 7:6 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ცნობისთვის, ფინალური შეხვედრა 7 დეკემბერს, „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, გამარჯვებული კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხიარული მატჩი ბათუმში - დინამომ ლოკომოტივს მოუგო
მხიარული მატჩი ბათუმში - დინამომ ლოკომოტივს მოუგო