Crystalbet ეროვნული ლიგა, გორის დილა, გაგრა, ბოლნისის სიონი, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

სამგურალმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - დილამ სიონს მძიმე ბრძოლაში მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა გაიმართა. დინამო არენაზე ერთ-ერთმა აუთსაიდერმა, „გაგრამ“ გათამაშების მესამეადგილოსანს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

გაგა კირკიტაძის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. მასპინძლები 71 წუთზე, ოთარ ფარულავას შორეული გასროლით დაწინაურდნენ. 84-ე წუთზე, „გაგრას“ ნახევარმცველი, გიორგი გვიშიანი საჯარიმოში კალანდარიშვილის დარტყმულს გადაეღობა, თუმცა ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და გვიშიანი მოედნიდან გააძევა. გაგრელების კარში პენალტი ზუსტად ჯეფერსონ ჯერალდომ შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

32 ტურის შემდეგ „სამგურალი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება, გაგრა კი 30 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

დღის მეორე მატჩში ასევე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გორის „დილა“, რომელიც გათამაშებაში სამეულში მოსახვედრად იბრძვის, სტუმრად სატურნირო ცხრილის კიდევ ერთ აუთსაიდერს, ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:2 დაამარცხა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი 29-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა დააწინაურა, რომელმაც ვანდერსონ სილვას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მასპინძლებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს. გორელები საჯარიმოში ლუკა ხორხელზე უხეშობის გამო დაჯარიმდნენ, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანი კი გოლად ივან ფოცხვერიამ აქცია.

„დილამ“ გამარჯვების გოლი 77 წუთზე გაიტანა. ონორე გომისმა „სიონის“ მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა, ცოტნე მოსიაშვილის პასი ზუსტად გამოიყენა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

32 ტურის შემდეგ, ანდრეი დემჩენკოს გუნდი „ტორპედოსთან“ ერთად 49 ქულით მეოთხე-მეხუთე პოზიციას ინაწილებს და მესამეადგილოსან „სამგურალს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამარას ეფექტური გოლები - თბილისის დინამომ საბურთალოს მოუგო
კამარას ეფექტური გოლები - თბილისის დინამომ საბურთალოს მოუგო