გერმანიაში 18 წლის მცველი თამაშობს: ,,სინჯებზე დამიბარეს, ჩამოვედი და დამიტოვეს
Aa
Aa

გერმანიაში 18 წლის მცველი თამაშობს: ,,სინჯებზე დამიბარეს, ჩამოვედი და დამიტოვეს"

ბორუსია ჰილდესჰაიმში 18 წლის ქართველი მარჯვენა მცველი, გიორგი ბარავი თამაშობს. გიორგი გერმანულ გუნდს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა და გარდა დუბლშემადგენლობის, პარალელურად 19-წლამდე გუნდში ასპარეზობს.

ამ ეტაპზე, ბორუსია ჰილდესჰაიმი სამხრეთ რეგიონალ ლიგაში, 22 ქულით მე-3 ადგილს პოზიციას იკავებს და მის მთავარ მიზანს მესამე ლიგაში გადასვლა წარმოადგენს. გასული, 14 ტურის შემდეგ, ბორუსია ჰილდესჰაიმი ლიდერ ოლდენბურგს 11 ქულით ჩამორჩება.

CrystalSport-ი გიორგის გერმანიაში დაუკავშირდა.

პირველი ნაბიჯებიდან გერმანიამდე

5 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე მივედი. პირველი ნაბიჯები თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში გადავდგი, საიდანაც  გაგრას შევუერთდი, შემდეგ ლოკომოტივში ვიყავი, ბოლოს ისევ - გაგრაში. გერმანიაში სწორედ გაგრადან მოვხვდი, სინჯებზე დამიბარეს, ჩამოვედი და დამიტოვეს.

გუნდი ყველანაირად გვერდში მიდგას და მეხმარება. ჩემი მიზეზით თეორიებზე ინგლისურად საუბრობენ,  მაგრამ რა თქმა უნდა, ენის სწავლის ინტერესი და სურვილი მაქვს. ყოველდღიური ვარჯიშის გარდა, ენის კურსებზე დავდივარ.

უცხო ქვეყანაში ცხოვრება

სიმართლე გითხრათ, მარტივად შევეგუე იმიტომ, რომ როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. თავიდან ოჯახისა და მეგობრების გარეშე მართლაც გამიჭირდა, მაგრამ თუ გინდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე, ეს მომენტი შენს თავში აუცილებლად უნდა გადალახო.

სხვაობა, რომელიც გერმანიაში დავინახე

პირველ რიგში, რაც გამიკვირდა, იყო მოედნები და მოედნების რაოდენობა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ლიგაშია გუნდი, ყველა გუნდს 3-4 ბუნებრივსაფარიანი მოედანი აქვს. მაგალითად, საქართველოში ყოველთვის ხელოვნურ მოედანზე ვარჯიში და თამაში მიწევდა. ამ სიახლესთან შეგუება გამიჭირდა.

განსხვავებაა ისიც, რომ გერმანიაში ძალისმიერ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, საქართველოში კი აქცენტი უფრო ტექნიკურ ფეხბურთზე კეთდება. აქ მარტივი ფეხბურთი უყვართ და ვარჯიშებზეც ძალიან ხისტად და აგრესიულად თამაშობენ.

ამ ეტაპზე 19-წლამდე გუნდსა და დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობ. ბოლო მატჩები განსაკუთრებით კარგად ჩავატარე, ამიტომ გუშინ, მთავარ გუნდთან ერთად ვივარჯიშე. პირველი გუნდი არის რეგიონალ ლიგაში, რომელიც რანგით მეოთხე ლიგაშია და ასაკობრივი გუნდებიდან შეიძლება ითქვას, რომ აქ მოხვედრა წარმოუდგენელი და ძალიან რთულია. გერმანიაში უამრავი ჩემპიონატია და რეგიონებადაა დაყოფილი.

კომენტარებს თვალს ვადევნებ. რადგან რანგით მეოთხე ლიგა, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ამ ლიგიდან და ჩემი გუნდიდან პოლონეთის, კამერუნის, პალესტინის, სომხეთისა და კიდევ ბევრ სხვა ნაკრებში თამაშობენ.

მატჩებს ბევრი გულშემატკივარი ესწრება, საინტერესო ლიგაა.

რეიტინგის გამო რამდენიმე გვერდმა დაწერა, რომ ასაკობრივ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ, თუმცა ყურადღებას არ მაქცევენ. არ ვიცოდი, მსგავსი მასალა თუ იწერებოდა.

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ასაკობრივი ნაკრები ძალიან კარგი გვყავს. დიდი პატივი იქნება მოხვედრა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ბევრს ვიშრომებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"