Aa
Aa

დეანდრე ჯორდანსა და სპენსერ დინუიდის კორონავირუსი დაუდგინდათ

„ბრუკლინ ნეთსის“ ორ კალათბურთელს, დეანდრე ჯორდანსა და სპენსერ დინუიდის კორონავირუსი დაუდგინდათ. ინფორმაცია თავდაპირველად ESPN-მა და Athletic-მა გაავრცელეს, მოგვიანებით კი, „ბრუკლინის“ მოთამაშეებმა დაადასტურეს.

ჯორდანმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და საკალათბურთო სამყაროს აუწყა, რომ Covid-19-ითაა ინფიცირებული, რის გამოც ორლანდოში გამგზავრებას არ აპირებს. დინუიდის რაც შეეხება, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდი ალბათობით, თანაგუნდელს მიბაძავს და სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

ESPN-ის ცნობით, „ნეთსის“ კალათბურთელებმა ჯორდანისა და დინუიდის ინფიცირებამდე, ორლანდოში გასამართ მატჩებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე რამდენჯერმე იმსჯელეს. ბრუკლინელთა არჩევანი უცნობია, თუმცა ESPN აცხადებს, რომ გუნდის ხელმძღვანელები დეანდრე ჯორდანის შემცვლელს ეძებენ, რაც ნიშნავს, რომ „ბრუკლინი“ პარკეტზე დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებმა NBA-ს კალათბურთელთა სია, რომლებიც ორლანდოში გაემგზავრებიან, ხუთშაბათამდე უნდა წარუდგინონ. „ნეთსს“ გუშინ უილსონ ჩენდლერიც გამოაკლდა, თუმცა ბრუკლინელებმა მის შემცვლელად ჯასტინ ანდერსონი დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები