1945 წლის შემდეგ პირველად - ნიდერლანდების სამეფოს ჩემპიონატს გამარჯვებული არ ეყოლება
ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ასოციაციამ სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა. 1945 წლის შემდეგ პირველად ერედივიზიონს ჩემპიონი არ ეყოლება. „აიაქსი“ და „ალკმაარი“ თანაბარი ქულებით პირველ და მეორე ადგილებს იკავებდნენ, თუმცა სანუკვარ თასს ვერცერთი მათგანი აღმართავს.
KNVB-ის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსი“ იასპარეზებს, ხოლო „ალკმაარი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში პლეიოფიდან ჩაერთვება. ევროპა ლიგას რაც შეეხება, აქ „ფეიენოორდი“, პსვ და „ვილემ 2“ ითამაშებენ.
ცნობილია, რომ უმაღლეს დივიზიონს არავინ დატოვებს და აღზევების შანსსაც ვერავინ მიიღებს. არადა „კამბური“ მეორე დივიზიონში პირველ ადგილს იკავებს და უშუალო კონკურენტს 11 ქულით უსწრებს. როგორც ირკვევა, „კამბური" დანებებას არ აპირებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ დაქვეითებისა და აღზევების საკითხზე ხმის მიცემა გაიმართა, თუმცა ფეხბურთის ასოციაციამ მისი შედეგები არ გაითვალისწინა. ნიდერლანდული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დასძინა, რომ უმაღლეს დივიზიონში კლუბების რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ მინისტრმა, მარკ რუტემ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორგანიზებული ღონისძიებების ჩატარება 1-ელ სექტემბრამდე აიკრძალება და გამონაკლისი არც საფეხბურთო მატჩებია.