დე იონგი 4-6 თვეს გამოტოვებს - ბარსელონა კუმანს და ნიდერლანდებს ადანაშაულებს
„ბარსელონა“ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ფრენკი დე იონგი კლუბში მარჯვენა მუხლის სერიოზული დაზიანებით დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს მოედანზე დაბრუნება შესაძლოა 4-6 თვემდე დასჭირდეს, ხოლო კატალონიური კლუბი მომხდარის გამო ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანსა და სამედიცინო შტაბს ადანაშაულებს.
დე იონგს შვებულება 20 ივლისამდე ჰქონდა, თუმცა მუხლის ძლიერი შეშუპების გამო „ბარსელონაში“ ვადაზე ადრე დაბრუნდა, რათა კლუბის ექიმებს შეემოწმებინათ. ჰანსი ფლიკთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს მუხლის სახსარი არასტაბილურ მდგომარეობაში აქვს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ექიმები იოგების დაზიანებასაც ეჭვობენ, თუმცა მუხლში არსებული შიდა სისხლჩაქცევის გამო ამ ეტაპზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება შეუძლებელია. საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, რომ შეშუპება რამდენიმე დღეში შემცირდეს.
გამოცემის ცნობით, „ბარსელონაში“ ფიქრობენ, რომ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. კატალონიელებმა იცოდნენ, რომ დე იონგს ტუნისთან და მაროკოსთან მატჩებამდე ტკივილგამაყუჩებელი ინექციები გაუკეთდა, თუმცა პრობლემის რეალური სიმძიმე მათთვის ცნობილი არ ყოფილა.
კლუბში ვარაუდობენ, რომ დე იონგმა მაროკოსთან მატჩი, რომელიც დამატებით დროში გაგრძელდა და ნიდერლანდების პენალტების სერიაში მარცხით დასრულდა, სერიოზული ტრავმის მიუხედავად ითამაშა, რამაც დაზიანება კიდევ უფრო გაამწვავა.
„ვნახოთ, როგორ ახსნიან კუმანი და თავად ფრენკი ამ უზარმაზარ პრობლემას,“ — განუცხადეს „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა AS-ს.
კლუბში მიაჩნიათ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა მოკლევადიან შედეგს ფეხბურთელის ჯანმრთელობა ამჯობინა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა „ბარსელონასა“ და რონალდ კუმანს შორის, რომელიც მანამდეც დაძაბული იყო. კატალონიელებს დღემდე ახსოვთ კუმანის კრიტიკა, როდესაც მან 2023/24 წლების სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ დე იონგის ფიზიკური მდგომარეობის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.
ამჯერად კლუბში კითხვებს თავად დე იონგის მისამართითაც სვამენ. ხელმძღვანელობის აზრით, ფეხბურთელს უნდა ეთქვა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და ტრავმით თამაში არ უნდა გაერისკა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება ნიდერლანდების სამედიცინო შტაბის მიმართაც არსებობს. მათი მტკიცებით, ფეხბურთელის მდგომარეობა კონტროლქვეშ იყო და ინექციებიც მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით კეთდებოდა, თუმცა არსებული ვითარება საპირისპიროს მიუთითებს.
თუ დამატებითი გამოკვლევები ყველაზე მძიმე პროგნოზს დაადასტურებს, დე იონგს ოპერაცია დასჭირდება, რაც მას სეზონის პირველი ნახევრის სრულად გამოტოვებას აიძულებს. ეს ჰანსი ფლიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ნიდერლანდელი ნახევარმცველი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო — მან ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც „ბარსელონას“ ლა ლიგის ტიტულის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.