ჩემპიონობასთან ახლოსაა | თანდილაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა
ალბანური ეგნატია, რომლის ღირსებას ქართველი მეკარე ლევან თანდილაშვილი იცავს, ქვეყნის ჩემპიონობასთან ახლოსაა. რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურში ეგნატიამ სტუმრად ვლაჟნია დაამარცხა (1:2), ამ ეტაპზე 34 ქულით პირველზეა. ერთი ტური დარჩა, თუ შემდეგ ტურში შინ დინამო ტირანას მოუგებს, ეგნატია ჩემპიონი გახდება.
1,91 მ. სიმაღლის 23 წლის მეკარე, რომელიც ალბანურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა, დღევანდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
ალბანეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში თანდილაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაუშვა, 11-დან 3-ში კარი მშრალად შეინახა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ სეზონში ქართველი მეკარე ტიტულთან ახლოს იყო, თუმცა თასის ფინალში დინამო სიტისთან დამარცხდა (3:2). თანდილაშვილმა როგორც მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებში, ასევე ფინალში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.
შეგახსენებთ, საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია.