ბათუმის დინამო გაიყიდა | კლუბის ახალი მფლობელის პირველი კომენტარი
Aa
Aa

ბათუმის დინამო გაიყიდა | კლუბის ახალი მფლობელის პირველი კომენტარი

საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30 მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო. დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს. ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად, კლუბში იწყება განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას, კლუბში მასშტაბურ ინვესტირებასა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

ბათუმის დინამოს ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესზე და მისი განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე სპორტის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საკონსულტაციო კომპანია Sports Orient მუშაობს. სამუშაო ჯგუფი რომელიც აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური და სპორტის მართვის ქართული და საერთაშორისო საპარტნიორო ორგანიზაციების სპეციელისტებისგან შედგება დეკემბერ-იანვარში კლუბის სრულ და ობიექტურ შეფასებას მოახდენს - ორგანიზაციული, ფინანსური, ფუნქციური და საოპერაციო მიმართულებებით. ამჟამად ბათუმის დინამოს ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო ფიფასგან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე ვრცელდება. ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ ყველა კრიტიკული დავალიანება უმოკლეს დროში იქნეს გასტუმრებული, რათა კლუბმა შეუფერხებელი ოპერირება და ტრანსფერების განხორციელება შეძლოს.

თემურ მიქელაძე - მფლობელის პროფილი და ხედვა

სს დ.ბ 1923-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა, რომელიც ქალაქ ბათუმშია დაბადებული. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. თემურ მიქელაძე არის ორი მსხვილი კომპანიის - „მეტროპოლისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებელი. ბათუმის დინამოს ახალი პრეზიდენტი მაღალი დონის აკადემიური განათლებით გამოირჩევა. იგი თბილისის, სოფიისა და როტერდამის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ასევე გავლილი აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და INSEAD-ის მართვის პროგრამები და ამ უნივერსიტეტების ალუმნის წევრია.

თემურ მიქელაძე: „ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის დინამოსთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ ვარ ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ ბათუმის დინამოსთან ერთად მიაღწიეს. ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს ამ ფორმით. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს. მჯერა, რომ დინამო ბათუმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერებაა, ეს კლუბის ხედვის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. ამასთან ერთად ჩვენი გუნდის სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ დინამოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას. აქვე, მადლობას ვუხდი კლუბის ადამინისტრაციას, თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი ღირსეული დამოკიდებულებისთვის და სირთულეების მიუხედავად, მათი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქის საოცარ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ!”

კლუბში მიმდინარე, არსებული მდგომარეობის შეფასების პროცესის პარალელურად მენეჯმენტის განახლება გაგრძელდება. ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დინამოში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ამიტომ ყველა სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ.

კლუბის პრესსამსახურის განცხადება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები