ნიკოლოზ დადიანი, გიორგი ჯინჯოლავა, ამირან ძაგანია
Aa
Aa

ჯინჯოლავას საგოლე პასები და დადიანის ლამაზი გოლი | იბერიამ გარეჯი გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ლიდერმა იბერიამ „მესხი 2’’-ზე „გარეჯს'' 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

პირველ ტაიმში გიორგი ჯინჯოლავას საგოლე პასებით ამირან ძაგანიამ დუბლი შეასრულა. მის გოლებს შორის სერგო კუხიანიძემ წითელი ბარათი მიიღო და 39-ე წუთიდან მოყოლებული „იბერიამ’’ რიცხვობრივ უპირატესობაში ითამაშა.

24 წლის ძაგანიამ, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში გუნდს „ვიტ ჯორჯიადან'' შეუერთდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ხუთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. დღევანდელი დუბლის გარდა ბათუმის „დინამოს'', წყალტუბოს „სამგურალსა'' და თბილისის „დინამოს'' შეუგდო.

65-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა ტექნიკური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, 78-ე წუთზე არმელ ზოურის ჩაწოდების შემდეგ გურამ გოშთელიანის თავური დარტყმა ზუსტი იყო.

 

35-ე ტურში გორის „დილამ'' დამაჯერებლად მოიგო, სტუმრად ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნილი ფოთის „კოლხეთი'' დაამარცხა - 1:4. დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გუნდიდან გოლები შოთა შეყილაძემ (სირილ ედუძის პასით), ოთარ ფარულავამ (შოთა შეყილაძის პასით), სირილ ედუძიმ (აბდალა ხლაიხალის პასით) და აბუბაქარ კონტემ გაიტანეს.

ერთადერთი საპასუხო გოლი 52-ე წუთზე გიორგი კვირკველიამ შეაგდო, მისი გოლით ანგარიში 1:3 გახდა, თუმცა ამ გოლიდან ექვს წუთში „კოლხეთი'' 10 ფეხბურთელით დარჩა, მსაჯმა სულეიმან მეიტე გააძევა და 10-კაციანმა „კოლხეთმა'' დარჩენილ დროში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, აბუბაქარ კონტემ მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი ჩაიწერა აქტივში (პლუს 2 საგოლე პასი).

35 ტურის შემდეგ „იბერია'' და გორის „დილა'' 77-77 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ. თუ გუნდებმა ბოლო ტურშიც გაიმარჯვეს, ჩემპიონი „იბერია'' გახდება, რადგან თბილისურ კლუბს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს, ამ სეზონში „დილას'' ოთხივე მატჩი მოუგო.

დასკვნით ტურში „იბერია'' „გაგრას'' მიიღებს, „დილა'' - თბილისის „დინამოს''. ორივე მატჩი 6 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: „იბერიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები