რუნი: ფერგი მეუბნებოდა, რომ ნაკრებში 45 წუთზე მეტი არ მეთამაშა
უეინ რუნიმ ეროვნულ ნაკრებში თამაში გაიხსენა და სერ ალექს ფერგიუსონის მხრიდან სანაკრებო მატჩების მიმართ დამოკიდებულებაც ახსენა.
„ნაკრებში გამოძახება მომწონდა. იქნება ეს ამხანაგური მატჩი თუ საკვალიფიკაციო. მიყვარდა თანაგუნდელებთან შეხვედრა და მატჩებისთვის მზადება. ალბათ ამიტომაც ჩავატარე 120 შეხვედრა, რადგან არც ერთხელ არ მითქვამს უარი ეროვნული გუნდის მაისურის მორგებაზე.
სერ ალექს ფერგიუსონს ვიხსენებ, რომელიც მეუბნებოდა: „კარგი, 45 წუთს ითამაშებ და არა მეტს. გაითვალისწინე, 45 წუთზე მეტი არა“.
მე კი ნაკრებში მივდიოდი და ვამბობდი: „მინდა მთელი მატჩი ვითამაშო, არ გამომცვალოთ“, - იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში მიყვარდა. ზოგ მოთამაშეს ტრავმის ეშინოდა, განსაკუთრებით ამხანაგურებში. მე კი თამაში მიყვარდა.
ფერგიუსონმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვთამაშობდი, მით უკეთესი ვხდებოდი. არ ვფიქრობ, რომ მას ეს ძალიან აწუხებდა. მაგალითად, რიო ფერდინანდს რომ 90 წუთი ეთამაშა, ალბათ ფერგი ცოტათი გაღიზიანდებოდა“.
– თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა BBC-ისთან საუბრისას.