თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, გაბრიელ სიგუა, ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: დინამოში გეგმა მუდმივად ცვალებადია და ეს ყველაზე ცუდია

თბილისის „დინამოს’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემაში „ლუდი და ფეხბურთი’’ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტი ლუკა ლაცაბიძესა და გაბრიელ სიგუაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლუბში გეგმები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით მუდმივად ცვალებადია, მწვრთნელს წყნარად მუშაობისთვის საჭირო გარემო არ აქვს, რაც გრძელვადიანი გეგმების განხორციელებას ხელს უშლის.

„როცა ლუკა ლაცაბიძის თამაში ვნახეთ, ჩამოვყალიბდით რომ ეს ის ფეხბურთელი იყო, რომელიც გვჭირდებოდა. მუდმივად პირველ გუნდში ვარჯიშობდა. როცა ფეხბურთელი მოგწონს და შემდეგ ათამაშებ, ბევრ ნიუანსზე უნდა დაფიქრდე. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიაა. შემდეგ ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და მის პოზიციაზე (მარჯვენა ცენტრალური მცველი) გვყავდა ფეხბურთელები, რომელთა ტრანსფერს მეტად ველოდებოდი. ვფიქრობდით რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლაცაბიძე ნომერ პირველი იქნებოდა და ითამაშებდა, თუმცა ყველაზე ცუდი „დინამოში'' ის არის, რომ ეს გეგმა არ მუშაობს, გეგმა მუდმივად ცვალებადია, ვიღაცა ქვევიდან „არყევს'', მწვრთნელს სიწყნარე არ გაქვს.

გაბრიელ სიგუა მომეწონა, 16 წლის იყო, გადმოვიყვანე პირველ გუნდში და ვათამაშე. ვთქვი რომ ეს ბიჭი ჩემთვის ნომერ პირველი 8 ნომერი იყო. მალე გაიყიდა. მუშაობასაც ვერ ასწრებ. სიგუამდე გუნდის კაპიტანი გავუშვი გუნდიდან, რომელიც მაგარი ფეხბურთელი იყო’’.

გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამოს'' 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის აგვისტომდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ'' საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება მოიგო, თუმცა ევროტურნირებზე ძალიან ცუდად ითამაშა, 2022 წლის ზაფხულში კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური „პაიდეს'' ბარიერი ვერ დაძლია, გასულ ზაფხულში კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან'' დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო და ამჯერად ევროტურნირიდან მალტურმა „ჰამრუნმა'' გამოთიშა.

შეგახსენებთ, 2023 წლის ზაფხულში თბილისის „დინამომ'' გაბრიელ სიგუა „ბაზელში'' გაყიდა, ამ ზამთარში კი ლუკა ლაცაბიძე დონეცკის „შახტარის'' ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები