მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე ისაუბრა. „ალჯომ“, რომელსაც „ტრიპელ სი“ დამარცხებული ჰყავს, პროგნოზი გააკეთა და ივარაუდა, რომ „მანქანა“ მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს.

„ორივე მათგანი შესანიშნავი მოჭიდავეა, სეხუდო უკეთესი სტრაიკერია, კარდიოში კი უპირატესობა მერაბს აქვს. ეს ბრძოლა 3-რაუნდიანი იქნება, რაც ხელს ჰენრის აძლევს. ფეხით დარტყმების მხრივ, დვალიშვილი უფრო მოხერხებულია და გვრჩება ქლინჩი, რომელშიც მერაბი რამდენიმე ხრიკით გამოირჩევა და ეს ჩხუბს საინტერესოს ხდის.

ვფიქრობ, ძალიან თანაბარი და დაძაბული ბრძოლა იქნება. ჩემი აზრით, მთავარი იქს ფაქტორი კარდიო გახლავთ. მერაბი მზადაა, გააკეთოს ის, რაზეც სხვები უარს ამბობენ და თანახმაა, თეიქდაუნის შესასრულებლად საკუთარი თავი დაღალოს. ბრძოლის დაწყებამდე, მისი მეტოქეები მასზე ყოველთვის ცუდად საუბრობენ, მაგრამ როგორც კი ჩხუბი სრულდება, მის მიმართ პატივისცემა უჩნდებათ. ისინი ან შთაბეჭდილების ქვეშ არიან ან დაბნეული იყურებიან იმ კონტროლის გამო, რომელიც დვალიშვილისგან იგრძნეს. არ ვსაუბრობ პარტერში კონტროლზე. ვგულისხმობ, ბრძოლის ტემპის კონტროლს, რაც მერაბს შესანიშნავად გამოსდის.

მანქანამ ერთადერთი შეცდომა მარლონ მორაესთან დაუშვა და მისნაირი ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლთან, დგომში დარჩენა და დარტყმების გაცვლა გადაწყვიტა. პიოტრ იანთან ვნახეთ, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ცვლილებები გაატარა, რაც ალდოსთან ჩხუბის დროსაც გამოჩნდა. მერაბი მიხვდა, რა უნდა შეეცვალა და ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანი მებრძოლია. დაინახა საკუთარი სუსტი მხარე და პრობლემის გადასაჭრელად იმუშავა.

ჭიდაობასა და სტრაიკინგში მერაბის ვარჯიშები რომ ნახოთ, ვერ იტყვით, რომ საქმე ფენომენალურ მებრძოლთან გაქვთ, მაგრამ როცა საუბარი MMA-ის მებრძოლსა და ყველა კომპონენტის შერწყმას ეხება, მერაბზე წინ ბევრი ნამდვილად არ დგას. არ მესმის, ხალხი რატომ ვერ ხვდება, რომ დვალიშვილი ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგეებს ანეიტრალებს. მერაბმა და ვოლკმა ჟოზე ალდოს ერთნაირ სტილში მოუგეს და დვალიშვილი ირჩევს გზას, რომლითაც აუცილებლად გაიმარჯვებს, მეტოქისგან კი ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას შეხვდება.

სამწუხაროა, რომ საჩემპიონო ჩხუბამდე, მას კიდევ ერთი რთული ბრძოლის გამართვა უწევს, მაგრამ თუ სეხუდო დაამარცხა, ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი გახდება და მის სტატუსში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ჩემი აზრით, სეხუდო დვალიშვილს სერიოზულ წინააღმდეგობას მხოლოდ საწყისი 3-4 წუთის ან მთელი პირველი რაუნდის განმავლობაში გაუწევს, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვლება. თუ მერაბი არ იჩქარებს, კონცენტრირებული დარჩება და შეცდომებს არ დაუშვებს, გაიმარჯვებს. სეხუდოს იარაღებს ერთად შევისწავლით და მას აუცილებლად დავეხმარები. მგონია, რომ საინტერესო ბრძოლა იქნება და ვფიქრობ, მერაბი მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანკარაგიუჯუს პრეზიდენტი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა - სიგიჟე თურქეთში
ანკარაგიუჯუს პრეზიდენტი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა - სიგიჟე თურქეთში