იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, სტივ კინი, ფრანსუა ეკონგოლო, ირაკლი ბუღრიძე, ომარ ჰაიდარა, გიორგი ჯგერენაია, მაურო კაბალიერო
Aa
Aa

ტორპედომ თამაში შემოატრიალა - სტივ კინის გუნდის 3 ქულა საბურთალოსთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „საბურთალო“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე შეიკნე სილას გოლით ქუთაისის „ტორპედოს“ ამარცხებდა, თუმცა შესვენების შემდეგ ქუთაისურმა გუნდმა თამაში შემოატრიალა და მატჩი სტივ კინის გუნდმა მოიგო - 1:3.

ანგარიში 32-ე წუთზე შეიკნე სილამ გახსნა, მან ანრი ჭიჭინაძის შეცდომით გოლის გატანის შანსი მიიღო და გამოიყენა, პირველი ტაიმი ომარ თეთრაძის გუნდმა მოიგო - 1:0.

23 წლის მალელმა შეიკნე სილამ, რომლის სიმაღლე 190 სანტიმეტრია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონში 19 მატჩში 8 გოლი შეაგდო (1 პენალტით) და 2 საგოლე პასი შეასრულა.

57-ე წუთზე მაურო კაბალიერომ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, ლაზარე კუპატაძემ დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო - 1:1. პენალტი ირაკლი ბუღრიძემ მოიპოვა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი გიორგი ჯგერენაიამ დაარღვია.

63-ე წუღზე „ტორპედოს“ ავღანელი ლეგიონერის, ომარ ჰაიდარის აქტიურობას გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლი მოჰყვა, „საბურთალოს“ კაპიტნისთვის საუკეთესო მატჩი არ ყოფილა - 1:2.

მატჩის საბოლოო ანგარიში ფრანსუა ეკონგოლომ დააფიქსირა, ამჯერად გია ჩადუნელი შეცდა, გადაცემა ლაზარე კუპატაძის მისამართით შეასრულა, თუმცა 18 წლის კამერუნელმა ფორვარდმა გადაცემა ჩაჭრა და ტექნიკური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

18 წლის კამერუნელმა თავდამსხმელმა ფრანსუა ეკონგოლომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა.

„საბურთალოს“ ოთარ მამაგეიშვილი ვერ დაეხმარა. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელი ავტოავარიაში მოჰყვა, ტვინის შერყევა დაუდგინდა, თუმცა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. 

სტივ კინის კომენტარი მატჩის შემდეგ

ქუთაისის „ტორპედომ“ 20 ტურში 27 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, „საბურთალომ“ ამდენივე შეხვედრაში 38 ქულა დააფიქსირა, მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 8 ქულით ჩამორჩება.

21-ე ტურში „ტორპედო“ „სამგურალს“ ესტუმრება (14 აგვისტო, 17:00), „საბურთალო“ ბოლოადგილოსან „შუქურას“ მიიღებს (15 აგვისტო, 20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები